მსოფლიო ამბები

10 იან '18

ფლახაუში მიკაელა შიფრინმა 41 გამარჯვება იზეიმა

9 იანვარს ავსტრიის ცნობილ კურორტზე - ფლახაუში ქალთა აუდის მსოფლიო თასის ღამის სლალომი გაიმართა. ამერიკელი, დაუმარცხებელი მიკაელა შიფრინი ისევ ჩემპიონი გახდა. მან თავის კარიერის განმავლობაში 41 გამარჯვება და ახალი წლის შემდეგ ზედიზედ მეხუთე ჩემპიონობა იზეიმა.

პირველ ცდაზე მიკაელამ ორი შეცდომა დაუშვა და ამიტომ +0.37 წმ. წააგო ავსტრიელ ბერნადეტ შილდთან, მეორე ცდაზე კი შიფრინმა უშეცდომოდ ისრიალა და ჯამში მეორე ადგილზე გასულ შილდს +0.94 წმ. მოუგო. შვედმა ფრიდა ჰანსდოთერმა მესამე ადგილი დაიკავა (+1.43 წმ. წააგო შიფრინთან).

მიკაელა შიფრინმა თქვა: -,,ამ შეჯიბრებაზე ბერნადეტმა პირველ ცდაზე ისე თავისუფლად ისრიალა, რომ მეორე ცდაზე  ბოლო ზღვარზე უნდა მესრიალა, არაფერი მქონდა დასაკარგი. ავსტრიელ გულშემატკივრებს კი ვურჩევ, რომ ბერნადეტ შილდით იამაყონ, რადგან მას მაგარი ნერვები ჰქონია. მან საოცრად კარგად ისრიალა.“

თბილმა ამინდმა და ნისლმა მრავალ მოთხილამურეს ასპარეზობაში ხელი შეუშალა. შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი და სლოვაკი პეტრა ვლხოვა პირველ ცდაში გამოვარდნენ. ისინი სლალომის ჩათვლაში მეორე და მესამე ადგილებზე არიან.

ბოლო ცხრა დღის განმავლობაში ქალთა ხუთი ეტაპი ჩატარდა, ახლა კი სწრაფი სახეობების დროც დადგა. ამ შაბათ-კვირას სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი ბად კლაიკირხემში გაიმართება.