ქართული ამბები

20 დეკ '17

23 დეკემბერს მესტიაში სამთო-სათხილამურო სამოყვარულო შეჯიბრება ჩატარდება

23 დეკემბერს მესტიაში საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მესტია-ჰაწვალის ახალ საბაგირო გზას გახსნის. 

მესტიაში დაგეგმილ ღონისძიებაში საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც მიიღებს მონაწილეობას. 23 დეკემბერს ჰაწვალის ტრასაზე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია  სამთო-სათხილამურო სამოყვარულო შეჯიბრებას ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრების გამართვაში ფედერაციას საქართველოს ნაკრების წევრები და ადგილობრივი სპორტსმენები დაეხმარებიან.

მესტიაში ამჟამად  თოვლის ძალიან კარგი ხარისხსია. თხილამურების მოყვარულთ დაუვიწყარი დღეები ელით. შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველები 23 დეკემბერს 10:30 სთ.-დან ფინიშზე უნდა დარეგისტრირდნენ. შეჯიბრება 12:00 სთ.-ზე დაიწყება. დაჯილდოება შეჯიბრების დასრულებისთანავე გაიმართება.

ფედერაციის წარმომადგენლები ტრასებს დაათვალიერებენ  და საშეჯიბრო ადგილს მონიშნავენ თეთნულდსა და ჰაწვალზე, სადაც საქართველოს თასის მეორე ეტაპი 2017-2018 წლის 2-3 მარტს ჩატარდება.

2017-2018 წლის სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება ოთხ ეტაპად იგეგმება. პირველი ეტაპი ბაკურიანში 27-28 იანვარს ჩატარდება, ხოლო გაზაფხულზე მესამე და მეოთხე ეტაპებს გუდაური უმასპინძლებს.