მსოფლიო ამბები

5 დეკ '17

ბევერი კრიკში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა

1-3 დეკემბერს ამერიკის ცნობილ კურორტზე - ბევერი კრიკში ,,ბერდ ოფ ფრეის“ ტრასაზე სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა.

სუპერგიგანტი ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი კეტილ იანსრუდი გავიდა, გამარჯვებულთან მან +0.23 წმ. წააგო და მესამე ადგილს ავსტრიელი ჰანეს რაიხელტი დასჯერდა.

ვინსენტს ყველაზე კარგი შედეგები 2015/16 წელს ჰქონდა. იგი სუპერგიგანტის ლიდერობის ერთ-ერთი კანდიდატია.

სწრაფდაშვების შეჯიბრება კი ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა მოიგო, შვეიცარიელმა ბით ფოიცმა მეორე ადგილი დაიკავა (+0.15 წმ.) და გერმანელი ტომას დრესენი მესამე ადგილზე გავიდა.

აკსელმა ბევერი კრიკში შეჯიბრება მეოთხედ მოიგო, ხოლო მის კარიერეაში ეს გამარჯვება  33-ეა. ტომას დრესენმა კი თავის კარიერის განმავლობაში პირველი პოდიუმი მოიპოვა.

რაც შეეხება გიგანტურ სლალომს, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი დაუმარცხებელი აღმოჩნდა. პირველი ცდის შემდეგ ის მესამე ადგილზე იყო. მარსელმა 3 თვის წინ ფეხი  მოიტეხა, მიუხედავად ამისა, მან მეორე ცდაზე უშეცდომოდ, ძალიან სწრაფად ისრიალა და საბოლოოდ წლის პირველი გიგანტური სლალომის ჩემპიონობა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებზე: ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი და გერმანელი სტეფან ლუიცი გავიდნენ.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები ვალ დიზერში 9-10 დეკემბერს გაიმართება.