მსოფლიო ამბები

22 Sep '17

ტრავმირებული სამთო-მოთხილამურეები მსოფლიო თასის გათამაშებას უბრუნდებიან

პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ხშირია ტრავმები. გასულ წელს მრავალმა ცნობილმა სპორტსმენმა მიიღო ტრავმა და სეზონი გააცდინა. სამთო-მოთხილამურეები განსაკუთრებული მებრძოლი ხასიათით გამოირჩევიან, ისინი ტრავმის შემდეგ პროფესიონალურ სპორტს ისევ უბრუნდებიან და ჩემპიონებიც ხდებიან. წელს მათ დაბრუნების დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან ოლიმპიური სეზონია.

ლარა გუთი

2015/16 წლის დიდი თასის მფლობელმა, შვეიცარიელმა ლარა გუთმა შარშან სამშობლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო.

ლარა გუთმა 2010 წლის სეზონი ბარძაყის პრობლემების გამო გამოტოვა. ამჟამინდელი ტრავმის შემდეგ თხილამურებს 4 სექტემებრს დაუბრუნდა, ახლა იგი ჩილეში - ვალე ნევადოში იმყოფება და უკვე აქტიურად ემზადება. ლარა გუთი მსოფლიო თასის გათამაშებას ნოემბრის შუა რიცხვებში  ამერიკაში დაუბრუნდება.

ანა ვაითი

2014/15 წლის მსოფლიო თასის მფლობელი, ავსტრიელი ანა ვაითი 2016 წლის სეზონის დასაწყისში დაეცა და მუხლის ტრავმა მიიღო, მსოფლიო თასის გათამაშებას წლის ბოლოს ძალიან კარგი შედეგით (კორტინა დამპეცოში სუპერგიგანტში მე-3 ადგილი) დაუბრუნდა, მაგრამ მას მუხლის ზედა მყესის ქრონიკული ანთება ჰქონდა, რაც დიდ ტკივილს იწვევდა და ამიტომ მეორე ოპერაცია 2017 წლის თებერვალში გაუკეთეს.

ახლა 2014 წლის სუპერგიგანტის ოლიმპიური ჩემპიონი ანა ვაითი თავისუფლი სრიალით სრიალებს და შეჯიბრებებზე დაბრუნებას ისევ მაღალ დონეზე აპირებს. 

აკსელ ლუნდ სვინდალი

ნორვეგიელი  ტიტულოვანი აკსელ ლუნდ სვინდალი ორი წელი ზედიზედ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს და მერე ტრავმების გამო მთელი სეზონი უცდება. შარშანდელი მუხლის ტრავმის შემდეგ აკსელს მუხლის პრობლემა ისევ ჰქონდა და მარცხენა მენისკის ოპერაცია დასჭირდა. აგვისტოს დასაწყისში სვინდალი ექვსი თვის პაუზის შემდეგ თხილამურებს ისევ დაუბრუნდა, მან თავის ნაკრების წევრებთან ერთად სამშობლოში ივარჯიშა. აკსელ ლუნდ სვინდალი ძალას არ იშურებს, რომ ოლიმპიურ სეზონს ისევ მაღალი დონის სრიალით დაუბრუნდეს.

ტედ ლიგეტი

აკსელ ლუნდ სვინდალივით, ამერიკელმა ტედ ლიგეტიმ ერთ წელიწადში ორი ოპერაცია გაიკეთა. პირველი ოპერაციის შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მარცხენა ფეხში ნერვის ძლიერმა ტკივილმა ძალიან შეაწუხა და ოპერაცია დასჭირდა. მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი თხილამურებს მარტში დაუბრუნდა და აპრილში უკვე კარებებში სრიალებდა. იმედია 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი თავის ტიტულს ისევ დაიცავს.

ევა მარია ბრემი

ავსტრიელმა ევა მარია ბრემმა თავისი ოცნება 2016 წელს აისრულა, როდესაც გიგანტური სლალომის თასი მოიპოვა, ამის შემდეგ კი მალევე, სამწუხაროდ, წვივის ორივე ძვალი მოიტეხა და 2016/17 წლის სეზონი გაუცდა. ევა მარია ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ ივნისში მან სრიალი შეძლო და ახლა ცდილობს, რაც შეიძლება მალე  სრული დატვირთვით ივარჯიშოს.

კონი ჰიუტერი

ძლიერმა ავსტრიელმა კონი ჰიუტერმა 2016/17 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ მუხლის ტრავმამ მას საშუალება არ მისცა, რომ სეზონი გაეგრძელებინა, მან იანვრის შუა რიცხვებში ოპერაცია გაიკეთა და ექვსი თვით თხილამურებს დაემშვიდობა. კონი თოვლს, თავის გუნდელებთან ერთად, აგვისტოში დაუბრუნდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

მატეო მარსალია

იტალიელი მატეო მარსალია ბარძაყის პრობლემების შემდეგ შეჯიბრებებს 2016 წელს იონგსიონში დაუბრუნდა, მაგრამ 2016 წლის სექტემბერში, ჩილეში მან მუხლის ტრავმა მიიღო და 315 დღის შემდეგ თხილამურებს კვლავ დაუბრუნდა. მატეოს იმედი აქვს, რომ 2017/18 წელს ტრავმის გარეშე გაატარებს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.