მსოფლიო ამბები

5 Sep '17

სამთო-მოთხილამურეები მსოფლიოს სხვადასხვა კურორტებზე ემზადებიან

როდესაც ხალხი ზაფხულის არდადეგებით ტკბება, სამთო-მოთხილამურეები მსოფლიოს სხვადასხვა კურორტებზე თოვლის კარგ ხარისხს დაეძებენ და აქტიურად ემზადებიან მომავალი სეზონისთვის. ამ პერიოდში ევროპის მყინვარები კარგია სავარჯიშოდ, მაგრამ მრავალი ქვეყნის გუნდი სავარჯიშოდ ახალ ზელანდიას, არგენტინასა და ჩილეს ამჯობინებს. თვალი  გადავავლოთ, რომელი გუნდი სად ვარჯიშობს.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეები: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და სოსო ჯაფარიძე შვეიცარიაში - სას-ფეში ოცი დღე იყვნენ. მათ ამინდში გაუმართლათ, თოვლის ხარისხიც  კარგი იყო და კარგად ივარჯიშეს. ამჟამად სამშობლოში იმყოფებიან და შვეიცარიაში 20 სექტემბერს გაემგზავრებიან.

ავსტრიის სხვადასხვა გუნდი სხვადასხვა კურორტზე ემზადება. ქალთა ტექნიკური სახეობების ნაკრები ახალ ზელანდიაში ვარჯიშობს, ხოლო სწრაფი გოგონები შვეიცარიაში (სას-ფეში) იმყოფებიან. ავსტრიის ვაჟთა ნაკრები ახალ ზელანდიასა და ჩილეში ემზადება.

კანადის ქალთა ნაკრები კურორტი უშუაიადან ახლახან დაბრუნდა, ხოლო კანადის ვაჟთა ნაკრები ცერმატის (შვეიცარია) შემდეგ ვალე ნევადოში (ჩილე) გაემგზავრა.

საფრანგეთის სწრაფი სახეობების ვაჟთა ნაკრების წევრები ლა პარვაში იმყოფებიან, ხოლო ძალიან ძლიერი ტექნიკური ვაჟები არგენტინაში - ტიერა დეს ფუეგოში ვარჯიშობენ. ქალთა გუნდი კი სას-ფეში ვარჯიშობს.

გერმანიის ნაკრები, მათ შორის ფელიქს ნოიროიტერი ვარჯიშს ახალ ზელანდიაში - ტეკაპოში ამჯობინებს, ხოლო სწრაფი სახეობების ნაკრები ლა პარვაში ემზადება. გერმანიის ქალთა ნაკრებმა სას-ფეში ივარჯიშა.

იტალიელმა სლალომისტმა ვაჟებმა სამხრეთ ნახევარსფეროში იმოგზაურეს და კერო-კასტორში (არგენტინა) ივარჯიშეს.

პიტერ ფილმა, სოფია გოჯამ, მარტა ბასინომ და ფედერიკა ბრინიონემ ულამაზეს ცერმატში (შვეიცარია) ივარჯიშს.

ყველაზე საუკეთესოა ვარჯიში სამშობლოში. ნორვეგიის ნაკრებმა, მათ შორის კეტილ იანსრუდმა აგვისტოს დასაწყისში ფოლგეფონაში ივარჯიშა. ახლა კი ნორვეგიელი ქალები და ვაჟები ახალ ზელანდიაში იმყოფებიან და ლეიქ ტეკაპოში ვარჯიშობენ.

სლოვენიელმა ვაჟებმა კარგი თოვლის ხარისხი არგენტინაში - კერო კასტორში და უშუაიაში იპოვეს. სწრაფმა სპორტსმენებმა: ილკა შტუჰეცმა და ბოსტიან კლინმა სავარჯიშოდ ჩილე - ელ კოლორადო და ლა პარვა აირჩიეს.

შვედეთის ნაკრები შვეიცარიის ვარჯიშის შემდეგ ახალ ზელანდიაში გაემგზავრა. სპორტსმენებმა კარგად ივარჯიშეს და შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა. ანდრე მირერმა პარალელური შეჯიბრება მოიგო.

შვეიცარიის ქალთა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკაში ივარჯიშა, ტექნიკური სახეობების ნაკრები არგენტინაში იმყოფება და სწრაფი გოგონები ლა პარვაში (ჩილეში) იმყოფებიან. შვეიცარიელი ვაჟების ერთი ნაწილი ახალ ზელანდიაში გაემგზავრა, ხოლო სწრაფი ვაჟები ევროპაში დარჩნენ, ისინი სას-ფეში და ცერმატში ემზადებიან.

ამერიკის სწრაფი ვაჟები ჩილეში (ლა პარვაში) ვარჯიშობენ, სხვა გუნდები კი ახალ ზელანდიაში იმყოფებიან.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.