მსოფლიო ამბები

11 Jul '17

ინტერვიუ ალექსანდრე ამოდტ კილდესთან

ალექსანდრე ამოდტ კილდე ნორვეგიის სამთო-სათხილამურო ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მან თავისი კარიერის განმავლობაში მსოფლიო თასის ორი ეტაპი მოიგო და მცირე გლობუსის მფლობელიც გახდა, ახლი კი ვიკინგი დიდი მსოფლიო თასის მოგებაზე ოცნებობს.

კიდევ ერთი მსოფლიო თასის გათამაშების სეზონი დასრულდა, თქვენ გასული სეზონით თავისუფლად შეგიძლიათ იამაყოთ. საერთო ჩათვლაში მე-7 ადგილი, სუპრეგიგანტსა და სამთო კომბინაციაშიც  მე-3 ადგილები დაიკავეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალექსანდრე ამოდტ კილდეს მეტი შეუძლია. შარშანდელ სეზონს როგორ შეაფასებდით?

კარგი სეზონი იყო, აღმავლობით და დაღმავლობით. სტაბილურად ვასპარეზობდი, ხშირად მე-4 ადგილზე გავდიოდი. ვფიქრობ, რომ  ჩემი შესაძლებლობის მთლიანად გამოყენება ვერ მოვახერხე და მომავალ სეზონზე, იმედი მაქვს, რომ მეტს შევძლებ.

სამთო კომბინაციაში წელს დიდი წინსვლა გქონდათ, სანტა კატერინაში სლალომის სახეობაში ძალიან კარგად იასპარეზეთ და პოდიუმზე ასვლა შეძელით. სლალომში ბევრი ივარჯიშეთ? ამ წარმატებას როგორ ახსნით?

სანამ მსოფლიო თასის ტურში დავიწყებდი ასპარეზობას, ტექნიკურ სახეობებზე ვაკეთებდი ფოკუსირებას.სლალომში მიღწეული წარმატება  ჩემთვის სიურპრიზი იყო, სავარაუდოდ, წინა წლებში ბევრი ვარჯიშის შედეგია და ეკიპირებაც კარგად მოვირგე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

2013 წლის ინტერვიუში, როდესაც ევროპის თასი მოიპოვეთ, თქვით, რომ შემდეგი მიზანი დიდი მსოფლიო თასის მოგება იქნებოდა. ამაზე ისევ ფიქრობთ? რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ?

ყველა სახეობაში ასპარეზობას ყოველთვის ვგეგმავდი და, რა თქმა უნდა, დიდი მსოფლიო გლობუსის მოგება ჩემი ყველაზე დიდი მიზანია. იმედია, ერთ დღეს ამას მივაღწევ. შემდეგ წელს ჩემი მიზანია ეს ფორმა შევინარჩუნო, სწრაფდაშვება და გიგანტური სლალომი გავაუმჯობესო, რომ დიდი თასის მოპოვება შევძლო და ასევე სუპერგიგანტში პირველი ადგილის მოპოვებისთვის ვიბრძოლო.

წინა წლებში გიგანტური სლალომი იყო თქვენი ფავორიტი სახეობა. 2013 წელს იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ამ სახეობაში გახდით. როგორ ფიქრობთ, ახალი გიგანტური სლალომის თხილამურებით ასპარეზობა სწრაფი სახეობების სპეციალისტებისთვის უკეთესი იქნება? ისრიალეთ უკვე ახალი თხილამურებით და როგორ მოირგეთ?

 

ახალი გიგანტური სლალომის თხილამურები უკვე მოვსინჯე. ვფიქრობ, რომ გიგანტური სლალომით სრიალი ისევ სასიამოვნო იქნება და სწრაფი სახეობების სპეციალისტებისთვის გიგანტური სლალომის სრიალი უფრო ადვილი იქნება. ამ თხილამურებით სწრაფ ვაჟებს გიგანტურ სლალომში ნაკლები ვარჯიში დასჭირდებათ.

 სანტ მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მეოთხე ადგილი დაიკავეთ (სუპერგიგანტსა და სამთო კომბინაციაში) და სწრაფდაშვებაში მე-6 ადგილზე გახვედით. პიედესტალზე ასვლა რატომ ვერ შეძელით, ნერვიულობდით?

მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ანალიზს ვაკეთებ. ორივე სახეობაში რამდენიმე შეცდომა დავუშვი და ამიტომ ვერ შევძელი საუკეთესოთა სამეულში შესვლა. ვფიქრობ, რომ ამ პრობლების გადასაჭრელად, მხოლოდ გამოცდილების მიღებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ არაფერი იყო უჩვეულო.

მომავალი სეზონის მთავარი დიდი შეჯიბრება - პიონგჩანგის ოლიმპიადაა. 2016 წლის ოლიმპიურ ტრასაზე სასინჯ შეჯიბრებაზე თქვენ მეოთხე ადგილი დაიკავეთ, მოლოდინი დიდია. რას ფიქრობთ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, მომზადება განსხვავებული იქნება?

მომავალი სეზონი, რომ რამით იქნება განსხვავებული, ამაზე არ ვფიქრობ. მიზნების მისაღწევად ჩვეულებრივად ვემზადები, როგორც მსოფლიო თასის ტურისთვის, ასევე ოლიმპიადისთვისაც. ვეცდები ნაკლები შეცდომა დავუშვა.

მსოფლიო თასის ტურში აღიარებული ხართ, როგორ ერთ-ერთი ყველაზე შემგუებელი სპორტსმენი. ზაფხული ფიზიკურად მომზადების პერიოდია და თქვენ გუნდელებთან ერთად ვარჯიშობთ. რა არის თქვენი საიდუმლო, რომ ასეთი ძლიერი ხართ? რამეს განსხვავებულად აკეთებთ, ვიდრე სხვა სპორტსმენები?

მრავალფეროვანი ფიზიკური მომზადება ადრეული ასაკიდან დავიწყე. ამან განაპირობა ჩემი ფიზიკური საფუძველი და მომცა ძალა, რომ განვვითარებულიყავი უფრო მეტად. ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც სსვა ქვეყნის წარმომადგენლები და ჩემი გუნდელები, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ რაიმე დამატებითი მაინც გავაკეთო ხოლმე.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.