მსოფლიო ამბები

30 Jun '17

ინტერვიუ ფედერიკა ბრინიონესთან

იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან საუკეთესოთა სამეულში ექვსჯერ მოახერხა შესვლა და მსოფლიო თასის სამი ეტაპი მოიგო. ფედერიკას ყველაზე კარგად გიგანტური სლალომი გამოსდის, მაგრამ სხვა სახეობების მოგების პრეტენდენტიცაა.

თქვენ წელს მსოფლიო თასის სამი ეტაპი მოიგეთ და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავეთ. 2016/17 წლის სეზონი საუკეთესო იყო თქვენთვის. თქვენი შედეგებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

სეზონის დასაწყისი არც ისე კარგი იყო, ხოლო იანვრის შუა რიცხვებიდან ჩემი ყველა შედეგით ძალიან ნასიამოვნები ვარ. 2015/16 წლის სეზონის შემდეგ 2016/17 წლის სეზონის დასაწყისიდან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ საბედნიეროდ, შუა სეზონიდან  შედეგები გამიუმჯობესდა, ამის იმედიც მქონდა, რადგან ამისთვის მთელი ზაფხული ვიმუშავე.

კრანს მონტანაში სამთო კომბინაციის ეტაპი მოიგეთ. ახლა თქვენ ხართ  სამი სხვადასხვა სახეობის გამარჯვებული. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უნივერსალური მოთხილამურე იყოთ?

მიყვარს თხილამურები და ასპარეზობა. ყველა სახეობაში წარმატების მიღწევა  მოითხოვს ძალიან ბევრ ვარჯიშსა და მრავალ შეჯიბრებაში ასპარეზობას. მოწყენილი არასდროს ვარ, ვარჯიშები ყოველთვის განსხვავებული და ცვალებადია.

ასპენში გიგანტური სლალომი მოიგეთ და პიედესტალზე სამი იტალიელი იდექით, სოფია გოჟამ და მარტა ბასინომ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე იყო. რა გრძნობაა, როდესაც პიედესტალს გუნდელებთან ერთად იზიარებ?

მართლაც დიდებული და ემოციური დღე იყო. ბედნიერების შენს მეგობრებთან ერთად გაზიარება ძლიერი გრძნობაა. ვფიქრობ, რომ ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ძლიერად მუშაობას ვაგრძელებთ.

ეს თქვენი წარმატება გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ გუნდური თასი მოეპოვებინა იტალიის ქალთა გუნდს. თქვენი გუნდი როგორ გახდა ასეთი ძლიერი? სპორტსმენებს შორის როგორი ატმოსფეროა?

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ძლიერი გუნდის წევრი ვარ. რა არის ჩვენი საიდუმლო? ჩვენ ერთმანეთისთვის კარგი მაგალითი ვართ. როდესაც გუნდში ბევრი სწრაფი გოგონაა, იძულებული ხარ, რომ ყველდღიურად მოუმატო და შეინარჩუნო სიძლიერე. შეჯიბრებებზე  იმდენი ძლიერი სპორტსმენია, რომ ჩვენთვის ეს მოტივაციაა, რომ უკეთესები ვიყოთ.

გიგანტური სლალომი თქვენი საყვარელი სახეობაა და წელს ამ სახეობაში მეოთხე ადგილი დაიკავეთ.  რამ შეგიშალათ ხელი, რომ გიგანტური სლალომის პოდიუმზე ასულიყავით? დიდი მსოფლიო თასის მოგება ხომ არაა თქვენი პრიორიტეტი?

ესაა ჩემი დიდი ოცნება. ბევრ შეცდომას ვუშვებ ხოლმე გიგანტურ სლალომში, ყოველ სეზონზე 3-4 შეჯიბრის ტრასას ვერ ვასრულებ... ამ შემთხვევაში 0 ქულა გაქვს და წლის ბოლოს საერთო ჩათვლაში სწორედ ეს გაკლდება.  ყოველთვის ვრისკავ, ჩემთვის პოდიუმის მოპოვება არაა საკმარისი, რაც უკან მხევს ხოლმე. ესაა რაც უნდა გამოვასწორო და ბევრს ვმუშაობ ამასთან დაკავშირებით.

მომავალ სეზონზე რა არის თქვენი მიზანი? ოლიმპიური თამაშები თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

ჩემი მიზანი  მოგებაა. სათქმელად ადვილია, შესრულებაა რთული. ოლიმპიადა მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამდე კვალიფიკაციის გავლაა საჭირო. უნდა მოვიგო შეჯიბრება, რაც ჩემს გუნდელებთან ერთად არც ისე ადვილია. შემდეგი ჩემი უდიდესი ოცნება და მიზანი დიდი კრისტალის გლობუსის მოგებაა.

ზაფხულის მომზადების პერიოდი ალბათ იმაზე  რთულია, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია. დასვენების შემდეგ რა გეგმები გაქვთ? ზაფხულის სეზონის ვარჯიშები სასიამოვნოა თქვენთვის თუ აუცილებელი პირობა, რომ მომავალ სეზონზე მზად იყოთ?

არდადეგების დროს სერფინგით ვიყავი დაკავებული. ამის შემდეგ მზად ვიყავი, რომ ფიზიკური მომზადება დამეწყო. აქტიური გოგო ვარ, არ ვჩერდები, ამიტომ მიყვარს ვარჯიში, დროის გამოყენება და ყოველდღიურად განვითარება. პასიურ დასვენებას, ასეთი აქტიურობა მირჩევნია. ზაფხულის პერიოდი იმიტომ მიყვარს, რომ სახლში, ოჯახთან და მეგობრებთან ცოტა მეტ დროს ვატარებ. ასევე შესაძლებლობა მეძლევა, რომ ჩემს სუპერ სავარჯიში ჯგუფთან ერთად ვივარჯიშო. მე, რაფაელა ბრუტო (სნოუბორდ კროსი) და მარტინა პერუჩონი (ახალგაზრდული ნაკრები) ერთად ვემზადებით ფიზიკურად, ეს მეტ ძალისხმევას მმატებს და აღარაა ისეთი რთული. ბევრი მუშაობაა საჭირო, ვეცდები გარეთ მომზადებას რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო. ჩემს გუნდთან ერთად ერთი კვირა ფორმიაში და ერთი კვირა ჩემს ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან ერთად სარდინიაში ვიქნები. თოვლს ივლისის ბოლოს დავუბრუნდები.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.