მსოფლიო ამბები

26 Jun '17

ელისაბედ გიორგლმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ავსტრიელმა  სამთო-მოთხილამურემ  - ელისაბედ გიორგლმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ელისაბედ გიორგლმა 2017 წლის სანტ-მორიცში კვალიფიკაცია ვერ გაიარა, ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 14 წლის განმავლობაში. გასულ სეზონზე მისი საუკეთესო შედეგები იყო: კრანს-მონტანაში მე-7  და ასპენში მე-5 ადგილები. ამ გარემოებამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება.

ელისაბედმა 2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება რომ ვერ მოიპოვა, მაშინ მან თვალცრემლიანმა თქვა: -,,ვფიქრობ, რომ რაღაც ახლის კეთების  დრო დადგა, ახლა კი ახალგაზრდების დროა. ჩემი კარიერის განმავლობაში სულ მქონდა მოტივაცია.“  ელისაბედს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო დასჭირდა. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა.

ელისაბედ გიორგლმა მსოფლიო თასის ტურში 15 წელი იასპარეზა, მან 378 სტარტი აიღო, პიედესტალზე 42-ჯერ ავიდა და 7 გამარჯვება მოიპოვა. გიორლგმა  2014 წელს ვალ დიზერში მსოფლიო თასის სუპერგიგანტის შეჯიბრება მოიგო და ამ გამარჯვებით ის სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველი ასაკოვანი ჩემპიონი გახდა.

მან ასევე მოიპოვა: 2009 წლის ვალ დიზერის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, ორი ოლიმპიური მედალი (2010 წლის ვანკუვერში გიგანტური სლალომისა და სწრაფდაშვების ბრინჯაოს მედლები.) ელისაბედ გიორგლი წლის საერთო ჩათვლის პიედესტალზე ოთხჯერ ავიდა: 2008 და 2010 წწ.-ში სუპერგიგანტში მე-2 ადგილი, 2008 წელს გიგანტურ სლალომში მე-2 ადგილი და 2012 წელს სწრაფდაშვებაში მე-3 ადგილი.

36 წლის ტიტულოვანი ელისაბედ  გიორგლი თავის მომავალს ფიტნესის ინდუსტრიაში ხედავს.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია  მადლობას უხდის ასეთ საინტერესო, ემოციურ და სიმპათიურ სპორტსმენს და მომავალში ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.