მსოფლიო ამბები

22 Jun '17

ინტერვიუ მეტიუ ფევრისთან

საფრანგეთის ვაჟთა სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. საფრანგეთის ნაკრების წევრმა მეტიუ ფევრიმ პირველი მსოფლიო თასის ეტაპი წელს პირველად მოიგო და საბოლოოდ გიგანტური სლალომის ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

თქვენ ნიცაში დაიბადეთ, ეს ადგილი ულამაზესი ზღვის სანაპიროთია ცნობილი და არა კარგი სათხილამურო ტრასებით. მოგვიყევით თხილამურებზე როდის დადექით და პროფესიონალ მოთხილამურედ როგორ ჩამოყალიბდით?

დიახ, ნიცაში დავიბადე, მაგრამ მთაში, ისოლა 2000-ში გავიზარდე. ეს უფრო საბავშვო კურორტია. ფეხი როგორც კი ავიდგი, მამამ და ბაბუამ თხილამურებზე დამაყენეს. ჩვეულებრივად მივყვებოდი სასწავლო გეგმებს და კატეგოერიებს. 15 წლის როცა გავხდი, ჩვენ სავოიში გადავედით, სადაც ძალიან კარგი პირობები იყო სავარჯიშოდ. ლა პლანეს სპორტულ კლუბში გავწევრიანდი და fis-ის შეჯიბრებებზე დავიწყე ასპარეზობა. პირველივე წელი წარმატებული მქონდა და საფრანგეთის ნაკრებში მოვხვდი, ასე ჩამოვყალიბდი პროფესიონალ მოთხილამურედ.

გასულ ზამთარს პირველად მოიგეთ მსოფლიო თასის ეტაპი. ეს იყო დეკემბერში, ვალ დიზერში. მოგებისას რა იგრძენით? სამშობლოში გამარჯვება ალბათ უფრო სასიხარულოა?

დაუჯერებელი დღე იყო. ყველაფერი კარგად აეწყო და მეც ძალიან კარგად ვისრიალე. დიდებული შეგრძნება იყო, რომ ორივე ცდის უშეცდომოდ სრიალი შევძელი და შეჯიბრება მოვიგე. რა თქმა უნდა, საფრანგეთში ფრანგი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება მეტად სასიხარულოა და თან განსაკუთრებით ვალ დიზერში, ჩემს საყვარელ კურორტზე. საუკეთესო ხუთეულში ოთხი ფრანგი ვიყავით, ფრანგ გულშემატკივართათვის დიდებული სანახაობა იყო.

პირველი ცდის შემდეგ +0.01 წმ.-ს აგებდით მარსელ ჰირშერთან და ასევე ძალიან ახლოს იყვენენ თქვენი გუნდელები: ტომას ფანარა, ვიქტორ მუფა-იანდე და ალექსის პინტურო. ამ ზეწოლას როგორ გაუძელით?

ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ტრასასთან ახლოს სასტუმროში ვცხოვრობდით. ცდებს შორის ჩემს ოთახში წავედი, ძალები აღვიდგინე, მუსიკას მოვუსმინე, ეს ძალიან დამეხმარა, რომ შეჯიბრის წინ ბევრი არ მეფიქრა და კარგად დამესვენა.

ვალ დიზერის გარდა, მთელი წელი წარმატებით ასპარეზობდით, საბოლოოდ გიგანტურ სლალომში მეორე ადგილი დაიკავეთ. ეს წარმატება უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის თუ ერთი ეტაპის მოგება?

ძალიან გახარებული ვარ, რომ ვალ დიზერის შეჯიბრება მოვიგე, მაგრამ საერთო ჯამში მეორე ადგილით უფრო ვამაყობ. სტაბილურობა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია. დასახული მიზნის მიღწევა ფანტასტიკური შეგრძნებაა.

წელს გიგანტურ სლალომში ათზე მეტმა სპორტსმენმა მოიპოვა პოდიუმი. როგორ მუშაობას აპირებთ, რომ ლიდერ - მარსელ ჰირშერსა და თქვენს შორის ზღვარი დაარღვიოთ?

რა თქმა უნდა, გიგანტურ სლალომში წელს დიდი კონკურენცია იყო. მომავალ სეზონზე ახალი თხილამურებით ვისრიალებთ, ვფიქრობ, რომ ფოკუსირება ამ მხრივ უნდა გავაკეთოთ და სწორი გზა ავირჩიოთ. მნიშვნელოვანია, არ დავკარგო ძალა, რომ ლიდერთა რიგებში ისევ ვიყო.

წელს თქვენ სუპერგიგანტსა და სამთო კომბინაციაშიც იასპარეზეთ. ამ სახეობებში ასპარეზობას მომავალშიც გეგმავთ? ეს გამოცდილება რამდენად დაგეხმარათ ტექნიკურ სახეობებში?

მე და ჩემმა მწვრთნელებმა გადავწყვიტეთ, რომ სწრაფი სახეობებიც მეცადა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა მიზნებიც მქონდეს და მხოლოდ გიგანტურ სლალომზე არ ვიყო ორიენტირებული. ეს მთელი სეზონის განმავლობაში რიტმის შენარჩუნებაშიც გეხმარება. სხვა სახეობებიც მომწონს, ამ სახეობების ვარჯიში და მათში ასპარეზობა ძალიან სასიამოვნოა.

მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენ გუნდურ შეჯიბრებაზე იასპარეზეთ და პირველი ოქროს მედალი მოიპოვეთ. მოგწონთ ეს ფორმატი? მომავალ  ოლიმპიურ სეზონზე თქვენი მიზანი გუნდური შეჯიბრებაც იქნება?

ძალიან მომწონს ეს ფორმატი. ეს რაღაც განსხვავებულია, ვიდრე ტრადიციული სახეობებია. ვინაიდან ოლიმპიადაზე პირველად ტარდება გუნდური შეჯიბრება, ჩვენს სავარჯიშო გეგმაში ამ ფორმატსაც დიდი ყურადღება მიექცევა, რომ ძლიერი გუნდით გამოვიდეთ ოლიმპიურ თამაშებზე.

მომავალ სეზონზე რა იქნება თქვენი მიზანი?  შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენი გუნდი ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში საუკეთესო იქნება?

ჩემი მიზანია, რომ შარშანდელი ფორმა შევინარჩუნო. მინდა მთელი წელი ვიყო კარგ ფორმაში და არა მარტო ოლიმპიადაზე.

ამ მიზნის მისაღწევად, როგორ მოემზადებით ზაფხულის პერიოდში? ამჟამად თოვლის გარეშე ისვენებთ თუ სათხილამურო ტრასებს დაუბრუნდებით?

ივნისში ფიზიკური ვარჯიშების კურსს გავდივართ, თხილამურებზე ვარჯიშს კი ივლისის შუა რიცხვებში დავუბრუნდებით. ზღვის სანაპიროზე კარგად დავისვენე, რა თქმა უნდა 4-5 კვირაში თოვლს სიხარულით დავუბრუნდები.

მოამზადა სოფო ახმეტელმა