მსოფლიო ამბები

9 Jun '17

ინტერვიუ ტრევის განონთან

ამერიკელი ტრევის განონი შვიდი წელია, რაც სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ტურში ყველაზე რთულ სწრაფდაშვების ტრასებზე ასპარეზობს. მან მსოფლიო თასის ორი ეტაპი მოიგო. წელს  გარმიშ-პარტერკირხენში გახდა ჩემპიონი. ტრევისი თავის კარიერეაზე, განვლილ სეზონსა და სწრაფდაშვების სახეობის თავისებურებებზე გვესაუბრა.

თქვენ მსოფლიო თასის ტურში მეშვიდე წელია ასპარეზობთ. წელს სწრაფდაშვების ჩათვლაში მე-12 და სუპერგიგანტის ჩათვლაში მე-15 ადგილები დაიკავეთ. განვლილ სეზონს როგორ შეაფასებდით? კმაყოფილი ხართ?

გასული სეზონი აღმასვლაც იყო და დაღმასვლაც, მაგრამ კმაყოფილი ვარ ძალიან, რადგან პირველად ჩემი კარიერის განმავლობაში, ორ სახეობაში საუკეთესოთა 15-ეულში შევედი. რამდენიმე დიდებული შედეგიც მქონდა. ორივე სახეობაში ვცდილობდი, რომ ძლიერად მესრიალა, შეცდომები არ დამეშვა და გამერისკა. გარმიშ-პარტერკირხენში ყველაფერი კარგად გამომივიდა, პოდიუმზე უმაღლეს ადგილზე დგომა ძალიან სასიამოვნო იყო.

როგორც აღნიშნეთ, გარმიშ-პარტერკირხენის გამარჯვება იყო ყველაზე დიდი მიღწევა, შეგიძლიათ გაიხსენოთ ის დღე?

გარმიშ-პარტერკირხენის დღე იყო ნამდვილად ძალიან ბედნიერი ჩემთვის, მაგრამ თან ბოლომდე ვერ გავიხარე, რადგან ჩემს წინ ჩემი გუნდელი სტივ ნიმანი ასპარეზობდა, იგი დაეცა, ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა. ვისრიალე ზუსტად ისე, როგორც მინდოდა, რომ მესრიალა. რთული იყო ჩემთვის ასეთი საოცარი შედეგის აღქმა, სხვების დაცემის ყურება და ამასთანავე სასტუმროში დაბრუნებულს ნიმანის მდგომარეობა. იმ დღეს სწრაფდაშვების ტრასა უსაფრთხო არ იყო. ძალიან რთული იყო ამდენი ტრავმირებული მოთხილამურის ყურება, მაგრამ ესაა სწრაფდაშვების შეჯიბრება. ჩვენ შესაძლებლობის ბოლო ზღვარზე ვსრიალებთ. ყველა ტრავმირებულ მოთხილამურეს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ ყველანი წარმატებით დაბრუნდებიან მსოფლიო თასის ტურში.

სანტ-მორიცის ჩემპიონატის წინ ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგმატათ? რაც გქონდათ დაგეგმილი, ისე არ მოხდა, 25-ე ადგილი დაიკავეთ. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეთ და ამის გამო ალბათ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდით?

სანტ-მორიცი ჩემთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მსოფლიო თასის ეტაპის მოგებამ თავდაჯერებულობა კი შემმატა, მაგრამ ეს სწრაფდაშვების შეჯიბრებაა, სადაც ყველა თავის მაქსიმუმს აკეთებს და ყველას შეუძლია მოგება. ამჟამად ყველა ბიჭი ისე სწრაფად სრიალებს, რომ რთულია მთელი სეზონის განმავლობაში იყო პირველი. ხანხადან ისე ხდება, რომ 0.40 მეასედს აგებ მოგებულთან და საუკეთესოთა ათეულში ძლივს ხვდები. ზეწოლას არ განვიცდი, მაგრამ ვცდილობ, რომ ფოკუსირება წვრილმან დეტალებზე გავაკეთო, ვცდილობ ყველა მომენტიდან სიამოვნება მივიღო და დავაფასო ის,  რომ მთაში თხილამურებით ვატარებ დროს. ასევე ძალიან რთული იყო სანტ-მორიცში ამინდის ცვალებადობა, გაუქმებული ვარჯიშები, შეჯიბრებები და სტარტის ქვევით დაწევა. ამ ყველაფერმა ჩემზე ცუდად იმოქმედა და მომავალში ამაზე აუცილებლად ვიმეცადინებ. სწრაფდაშვება მთლიანად იცვლება, როდესაც  ტრასის ზევიდან სტარტის აღების საშუალება არ გეძლევა, არ გაქვს საკმარისი სისწრაფე, რომ სწორ მონაკვეთზე და ფინიშამდე გეყოს.

მომავალ წელს ოლიმპიადაა. როგორ ემზადებით? როგორი მიზნები გაქვთ?

მოხარული ვარ, რომ მომავალ წელს კორეაში გავემგზავრები და ამერიკის სახელს დავიცავ. სოჭის ოლიმპიადა ძალიან კარგად მახსენდება, იმედი მაქვს, რომ იმავეს გავიმეორებ და მედლისთვის ისევ ვიბრძოლებ. ამ წლების განმავლობაში სწრაფდაშვებისა და სუპერგიგანტის შეჯიბრებებზე ასპარეზობა ვისწავლე და დიდი გამოცდილებაც დავაგროვე. ჩემი მიზანია, რომ ვიყო ჯანმრთელად, კარგ ფორმაში მთელი წელი და ვისრიალო ისე, როგორც მინდა. წინა წლებში მუხლის ტკივილები მაწუხებდა ძალიან. წელს კი მომზადება ოდნავ შევცვალე და იმედია, მომავალ წელს უკეთ იქნება ყველაფერი.

ბოლო 16 სწრაფდაშვების შეჯიბრებაზე 11-მა სხვადასხვა სპორტსმენმა გაიმარჯვა. რამ განაპირობა ასეთი შედეგები?

ბოლო წლების განმავლობაში სწრაფდაშვების შეჯიბრებები საოცრად საინტერესო გახდა. ძალიან ბევრი ძლიერი მოთხილამურეა, თითოეულ მათგანს მოგება შეუძლია. ეს სპორტის განვითარებისთვის ძალიან კარგია. ჩვენ, სპორტსმენები ვცდილობთ, უფრო ძლიერად ვიმუშაოთ, მოგებისთვის გავრისკოთ და შესაძლებლობის ბოლო ზღვარზე ვისრიალოთ. შეჯიბრების დასრულების შემდეგ  დროებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა ხოლმე. ამის გამოა, რომ სწრაფდაშვებას სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს.

გარისკვა სწრაფდაშვებისთვის დამახასიათებელია? შენ რისკს როგორ ართმევ თავს?

რა თქმა უნდა, სწრაფდაშვება სახიფათო სახეობაა, მაგრამ რისკი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ინდივიდუალური სპორტია და ასპარეზობისას ვერავინ ვერაფერს გირჩევს, ამიტომ გამოცდილების მიღებასთან ერთად სწავლობ რისკის მართვას და ამის შემდეგ წარმატებაც მოდის. მსოფლიო თასის ტურში  რომ დავიწყე ასპარეზობა, 80% -ის სიძლიერით ვსრიალებდი. ყოველწლიურად ვაგროვებდი გამოცდილებას და ამასთანავე, ჯანმრთელობასაც ვინარჩუნებდი. შარშან კი უკვე ჩემი შესაძლებლობების 100 %-ით ვსრიალებდი და მომავალ სეზონზეც ასევე გავაგრძელებ. ყველა მომდევნო სეზონზე ვცდილობდი, უფრო მაგრად მესრიალა და თან ამასთანავე, უსაფრთხოდ. ახლა კი კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვიცი, რომ შემიძლია ყველაზე სწრაფი ვიყო. ვეცდები, გავაგრძელო რისკის მართვის სწავლა.

თქვენ როდესაც მსოფლიო თასის ტურისგან ისვენებთ, ხშირად მთის ,,ფრირაიდით“ ხართ დაკავებული. თქვენ ამ სპორტითაც იღებთ დიდ  სიამოვნებას, სამთო-სათხილამურო სპორტსა და ,,ფრირაიდს“ შორის რა მსგავსებაა?

გაუკვალავ თოვლში მიყვარს სრიალი, როდესაც ყინულიანი ტრასებისგან ვისვენებ ხოლმე. ვაანალიზებ, თუ რამდენად გამიმართლა, რომ სამთო-მოთხილამურე ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ჩემს ცხოვრებას ეს საქმე პერსპექტივას მატებს. სწრაფდაშვების სახეობა ისეთი სახეობაა, სადაც რაც შეგიძლია იმ სისწრაფეს ავითარებ სტარტიდან ფინიშამდე და ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ასევე მიყვარს ის განსხვავება, რასაც ,,ფრირაიდის“ სრიალისას გრძნობ. სწრაფდაშვებაში რისკის მართვას ცდილობ, გინდა იყო სწრაფი და თან ისრიალო უსაფრთხოდ, გაუკვალავ თოვლში სრიალი კი სხვანაირადაა. წელს დეკემბრიდან თებერვლადმე ევროპაში ვიყავი და ამ დროს ჩემს მეგობრებს ვხედავდი ინსტაგრამზე ყოველდღე, ფაუდერის თხილამურებით ფოტოებს დებდნენ, ეს ყველაფერი რთული გადასატანი იყო. სახლში - სქუა ველიში დაბრუნება ძალიან კარგი იყო.

სქუა ველიში გაიზარდეთ, წელს კალიფორნიაში მსოფლიო თასის ეტაპი ისევ ჩატარდა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და როგორი ატმოსფერო იყო იქ? 2013 წლს თქვენ შესაძლებლობა მოგეცათ, რომ ამერიკის ჩემპიონატზე გეასპარეზათ და მოგეგოთ კიდევაც. რა გრძნობაა, როდესაც საკუთარი სახლის ახლოს მსოფლიო თასის ეტაპზე გამოდიხარ?

ძალიან მაგარია, რომ მსოფლიო თასის ტური კალიფრონიას, სქუა ველიში ჩემ სახლს დაუბრუნდა. ისეთი სათხილამურო ისტორია უკავშირდება ლეიქ ტაჰოსა და სიერა ნევადას მთებს. სირცხვილია, რომ მსოფლიო თასის ეტაპები დიდი ხანი აღარ ტარდებოდა აქ.  სათხილამურო შეჯიბრებები, როგორც სპორტი,  კალიფრონიაში გაიზარდა. სქუა ველის სათხილამურო ნაკრებს 1200 ბავშვი ჰყავს.  კარგი იყო ამ ბავშვებისთვის და სხვებისთვისაც, როდესაც მსოფლიო თასის ეტაპებს უყურეს. დარწმუნებული ვარ,  ბავშვებს დიდი სტიმული მიეცემათ და,  დიდ სპორტსმენებად ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს  მომავალ თაობას კალიფორნიიდან. ატმოსფერო ძალიან კარგი იყო. ბევრ ქალთა მსოფლიო თასის ეტაპზე ვარ ნამყოფი, ჩემს მეგობარ გოგოს - მარი-მიშელ განონს ვგულშემატკივრობ ხოლმე. სქუა ველიში კი ყველაზე დიდი გულშემატკივრობა ვნახე, რაც ქალთა შეჯიბრებებზე მინახავს. როდესაც მიკაელა შიფრინი ასპარეზობდა, ყველა ყვიროდა ისე, როგორც შეეძლო და მართლაც, განსაკუთრებული მომენტი იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ fis-ი გაითვალისწინებს, თუ როგორ წარმატებით ჩატარდა სქუა ველიში და კილინგტონში შეჯიბრებები და მომავალშიც ხელს შეუწყობს იმას, რომ მსოფლიო თასის ტური მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა