მსოფლიო ამბები

24 May '17

ინტერვიუ ვიქტორია რებენსბურგთან

გერმანელი სამთო-მოთხილამურე ვიქტორია რებენსბურგი სამ სხვადასხვა სახეობის საუკეთესოთა სამეულში რეგულარულად ხვდება ხოლმე და დიდ შეჯიბრებებზეც წარმატებულად ასპარეზობს. მომავალ სეზონზე ვიქტორია ოლიმპიური მედლისა და მსოფლიო თასის მოგების კანდიდანტია.

გასულ ოქტომბერში თქვენ ტრავმა მიიღეთ, მნიშვნელოვანი ვარჯიშები და ზოლდენის შეჯიბრება გამოტოვეთ. მოგვიყევით ტრავმა როგორ შეგემთხვათ და რეაბილიტაცია როგორ გაიარეთ?

2016 წლის აგვისტოში ზურგის პრობლემები მქონდა და სწრაფ სახეობებში  სამი დღე ვივარჯიშე. ამის შემდეგ სას-ფეში გვქონდა შეკრება და ცუდი ამინდის გამო მხოლოდ ერთი დღე ვივარჯიშე. სეზონის დასაწისში წვივის ძვლის პატარა ადგილი გავიბზარე, მკურნალობასა და რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ამის გამო სეზონისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადე. 

გასულ სეზონზე საერთო ჩათვლაში თქვენ მესამე ადგილი დაიკავეთ, როგორმა მომზადებამ განაპირობა ასეთი წინსვლა?

განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, სეზონის განმავლობაში ვცდილობდი კარგ რიტმში ვყოფილიყავი. ყველა  შეჯიბრებაზე ვცდილობდი შესაძლებლობის ბოლო ზღვარზე მესრიალა. სეზონის დასაწყისი რთული იყო ჩემთვის. შემდეგ კი გარმიშ-პარტერკირხენში უკვე ფორმაში ვიყავი და ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც.  სისწრაფე კი კარგი მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ზაფხულის ვარჯიშებთან შედარებით, მაინც არ იყო იმდენად კარგი. წამის მეასედებში არ მიმართლებდა, განსაკუთრებით კორტინაში, სანტ-მორიცში და ასპენში, სადაც მეოთხე ადგილები დავიკავე.

 მიუხედავად ამისა, თქვენ კარგი შედეგები გქონდათ, რომელს გამოყოფდით?

დიდებულად ვიგრძენი თავი პოდიუმზე დგომისას ზემერინგსა და გარმიშ-პარტერკირხენში. მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მედალიც უმნიშვენლოვანესია ჩემთვის, მაგრამ ამ სეზონის ბოლომდე დაპყრობა ვერ შევძელი.

თქვენ ვანკუვერის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდით გიგანტური სლალომის სახეობაში. 2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპიადაზე რა მიზნები გაქვთ?

რა თქმა უნდა, მაღალ პოზიციებზე მინდა ვიყო. ჩემი მიზანი ყოველთვის მედლის მოპოვებაა.

იონგსიონის ტრასაზე როგორი გამოცდილება მიიღეთ?

ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, მთა და ფერდობი ძალიან მომეწონა. იქ ასპარეზობა ძალიან სასიამოვნო იყო და ოლიმპიადას მოუთმენლად ველი.

ზაფხულის ვარჯიშები ოლიმპიური სეზონისთვის განსხვავებული იქნება?

თითოეული სეზონი საუკეთესოდ მომზადებას მოითხოვს, ასე რომ, წელსაც ასე იქნება. ზაფხულში შეჯიბრებებზე ასპარეზობის ნაცვლად, ინტენსიურ ვარჯიშს ვამჯობინებ. ვარჯიშის ძალიან მომთხოვნი გეგმა გვაქვს დასახული.

გერმანიის ნაკრებში თქვენ ერთადერთი გოგონა ხართ, რომელიც სწრაფ სახეობებში ასპარეზობს. სხვა გუნდთან ვარჯიშს ხომ არ გეგმავთ?

სკანდინავიის მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნორვეგიის ნაკრებთან ვარჯიში იგეგმება. ჩემთვის ძალიან კარგია სხვა ქვეყნის ძლიერ სპორტსმენებთან ერთად ვარჯიში, მათი უფრო ახლოს გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. 

ოლიმპიური ჩემპიონი (გიგანტური სლალომი 2010), ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი (გ. ს. 2014), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (გ.ს. 2015), ორი კრისტალის მსოფლიო თასი (გ.ს. 2010 და 2011), 13 მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული და 33 პოდიუმი - ესაა თქვენი მიღწევების ჩამონათვალი. 12 წარმატებული სეზონის შემდეგ რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ისევ იყოთ ფორმაში და იასპარეზოთ?

ყოველდღიურად ვცდილობ, რომ უკეთესად, შესაძლებლობის ბოლო ზღვარზე ვისრიალო და უფრო მეტს მივაღწიო. ესაა ჩემი მოტივაცია. შეჯიბრებებში მონაწილეობა ბავშვობიდან მომწონდა. ჩემი მშობლების დაყოლიება მიხდებოდა, რომ შეჯიბრებებზე მეასპარეზა. რა თქმა უნდა, გარემო, მთები და თოვლიც მიყვარს. არაფერი ჯობია იმას, როდესაც მთის მწვრელზე დგახარ... არ აქვს მნიშვნელობა ეს შენი სამშობლოა, კანადა თუ არგენტინა, ეს საოცარი შეგრძნებაა და ესაა ჩემთვის თავისუფლება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.