ქართული ამბები

18 May '17

ინტერვიუ ალექსი ბენიაიძესთან

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრი ალექსი ბენიაიძე მეათე წელია, რაც საქართველოს სახელს იცავს მსოფლიო ასპარეზზე. ალექსი ამჟამად ავსტრიაში იმყოფება და მომავალი სეზონისთვის ემზადება.

 ალექსი, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე ჩვენთან სასაუბროდ. როგორ ჩაიარა გასულმა სეზონმა და რამდენად კმაყოფილი ხარ?

გასულმა სეზონმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო სეზონი არ ყოფილა. სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე კარგად ვიასპარეზე. ასევე კარგად გამოვედი სლოვენიასა და ბულგარეთში გამართულ შეჯიბრებებზე. ამ წარმატებამ მომავალი სეზონისთვის სტიმული მომცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2018 წლის თებერვალში ოლიმპიადაა და ქულები უნდა დავაგროვო.

 ახლა ავსტრიაში იმყოფებით, როგორ ვარჯიშობთ, მოგვიყევი როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

რამდენიმე დღეა რაც ტრადიციულად ავსტრიაში ჩამოვედით სავარჯიშოდ. დილას მთაზე გვაქვს ხოლმე ვარჯიში, საღამოს კი ფიზიკურად ვემზადებით დარბაზში ან დავრბივართ გარეთ.

 მომავალ წელს რა არის შენი მიზანი?

მომავალი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოლიმპიური წელია და გაორმაგებული შემართებით მოგვიწევს მომზადება. მანამდე საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე უნდა ვიასპარეზოთ, სადაც ქულები უნდა დავაგროვოთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა.

 თხილამურებზე რამდენი წლის დადექი, ნაკრებში რომელი წლიდან ხარ და საერთოდ რა არის შენთვის თხილამურები?

თხილამურებზე გუდაურში 5 წლის ასაკში დავდექი. ზამთრის პერიოდში არ მახსოვს ისეთი დღე, რომ არ მესრიალოს. მახსოვს ცუდი ამინდის გამო საბაგირო რომ ითიშებოდა, ბავშვები ფეხითაც ავდიოდით მთაზე და ასე ვსრიალებდით. ნაკრებში 2007 წელს მოვხვდი. მთელი ჩემი ცხოვრება თხილამურებს უკავშირდება. ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და ამით ბედნიერი ვარ.

 თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. მყავს მეუღლე და 2 წლის ანდრია.

 დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ!

დიდი მადლობა.

ესაუბრა სოფო ახმეტელი.