ქართული ამბები

11 May '17

ინტერვიუ იასონ აბრამაშვილთან

 

 

 

საქართველოს სამთო-მოთხილამურთა ნაკრების წევრი იასონ აბრამაშვილი ორი წლის პაუზის შემდეგ პროფესიონალურ სპორტს შარშან დაუბრუნდა. იასონი სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მოთხილამურეთა ორმოცეულში შევიდა.

  1. გამარჯობა იასონ, გმადლობ, რომ დრო გამონახე ჩვენთან სასაუბროდ. ორი წლის პაუზის შემდეგ, შენ პროფესიონალურ სპორტს დაუბრუნდი და სანტ-მორიცში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზე, საუკეთესოთა ორმოცეულში შეხვდი, რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგით?

პაუზა საკმაოდ ხანრძლივი გამომივიდა, თუმცა შარშან გაზაფხულიდან დავიწყე ვარჯიში და სეზონამდე მაქსიმალურად ვეცადე მზად ვყოფილიყავი. მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება ვთვლი, რომ ნორმალური შედეგია, რა თქმა უნდა, უკეთესი აჯობებდა, ამიტომ ვაგრძელებ მზადებას უკეთესი შედეგისათვის.

  1. მსოფლიო ჩემპიონატამდე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში გამოდიოდი, გაიმჯობესე ქულები?

გასულ სეზონზე საკმაოდ ბევრ შეჯიბრებებზე ვიასპარეზეთ. თითოეულ შეჯიბრებაზე ქულების გაუმჯობესებას ვცდილობდით. ქულები გავიუმჯობესე, თუმცა სეზონის დამთავრება უკეთესადაც შეიძლებოდა.

  1. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, მეორე დღეს გოდერძის უღელტეხილზე გაემგზავრე, რომ საქართველოს თასის ეტაპზე გეასპარეზა. როგორ მოგეწონა ახალი კურორტი?

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით. მეორე დღეს კი გოდერძის უღელტეხილზე გავემგზავრე და საქართველოს თასის გათამაშების ეტაპზე მივიღე მონაწილეობა. საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ადგილია. სასიხარულოა, რომ სხვადასხვა რეგიონებში ყოველწლიურად ახალი კურორტები იხსნება, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სპორტის განვითარებას.

  1. რა გეგმები გაქვს ახლა?

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, 14 მაისს ავსტრიაში გავემგზავრებით და შემდეგი სეზონისთვის მზადებას დავიწყებთ. ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე შეკრება იგეგმება.

  1. მომავალ წელს ოლიმპიადაზე  რამდენ სპორტსმენს გაქვთ ლიცენზია?

მომავალ წელს უმნიშვნელოვანესია ოლიმპიური თამაშები. თითოეული ჩვენგანი ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ და პირველ რიგში ლიცენზიები მოვიპოვოთ. იმედია რამდენიმე მოთხილამურე შევძლებთ. ოლიმპიადამდე კი ჩემი ძირითადი მიზანია, რომ სარეიტინგო ქულები მაქსიმალურად გავიუმჯობესო და ოლიმპიური საგზური მოვიპოვო.

  1. იასონ, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

ვცდილობ მეტი დრო ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავუთმო. მიყვარს ნადირობა, მყავს მონადირე ძაღლები და თუ დრო მაქვს, სანადიროდ დიდი სიამოვნებით დავდივარ ხოლმე.

 

  1. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ!

დიდი მადლობა.

ესაუბრა სოფო ახმეტელი