ქართული ამბები

27 Apr '17

ინტერვიუ ნინო წიკლაურთან

საქართველოს ქალთა სამთო-მოთხილამურე ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა წელს საერთაშორისო შეჯიბრებებზე სამი გამარჯვება მოიპოვა და სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

ნინო საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

  1. ნინო გილოცავ სეზონის წარმატებით დასრულებას. წელს სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზე, როგორ შეაფასებ განვლილ სეზონს, რომელ წარმატებას გამოჰყოფდი?

დიდი მადლობა! ეს სეზონი საკმაოდ წარმატებულად ჩავამთავრე, საერთაშორისო შეჯიბრებზე კარგად გამოვედი, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა. უფრო მეტს ველოდი, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლისთვისაც ფსიქოლოგიურად მზად ვერ აღმოვჩნდი. როგორც გახსოვთ, გიგანტური სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრების პირველ ცდაზე კარგად ვისრიალე და მეხუთე ადგილზე ვიყავი. ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ცდაში წავიქეცი და ასპარეზობას გამოვეთიშე. მცირე ტრავმა მივიღე, ძალიან დამწყდა გული. მსოფლიო ჩემპიონატის დანარჩენ შეჯიბრებებზე ყველანაირად ვცდილობდი მზად ვყოფილიყავი და კარგად მესრიალა, მაგრამ იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ასე მეგონა, ვეღარ ვმოძრაობდი. საბოლოო ჯამში ესეც გამოცდილებაა და კიდევ ერთი ,,ნასწავლი გაკვეთილი“, რომელსაც მომავალში აუცილებლად ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ. წარმატების მხრივ, უნგრეთის ჩემპიონატზე გამარჯვებას გამოვყოფდი, რომელმაც მოტივაცია და შეჯიბრებებზე თავდაჯერებულობა მომიმატა.

  1. შარშან ტრავმები გაწუხებდა, მოირჩინე თუ არა ბოლომდე, ხომ არ გაწუხებს ფეხი ისევ?

ეს ისეთი ტრავმაა, რომელიც თავს ხშირად მახსენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ცივა ან სრიალის დროს ვეცემი. ჯერჯერობით სიფრთხილე ისევ მჭირდება, მაგრამ წელს ხელი ძალიან არ შეუშლია და ყოველთვის შემეძლო სრიალი.

  1. მომავალ წელს რა არის შენი მიზანი?

მეტი გამოცდილების მიღების მიზნით, მინდა შედარებით მაღალი დონის შეჯიბრებებზე ვიასპარეზო. ვგეგმავ მსოფლიო თასისა და ევროპის თასის რამდენიმე ეტაპზე გამოვიდე, ამავდროულად გიგანტურ სლალომში 20-25 ქულამდე ჩამოვიდე, სლალომში კი 40-ის ქვევით. ამით მსოფლიო რეიტინგსა და ოლიმპიურ შედეგს გავიუმჯობესებ.

  1. ზაფხულის პერიოდში რას აპირებ, მომავალი სეზონისთვის მზადებას როდიდან დაიწყებ?

სეზონის დამთავრების შემდეგ 3 კვირა მქონდა დასასვენებლად, ახლა ფიზიკური მომზადება დავიწყე. ერთ თვეში იტალიაში ჩემს გუნდთან ერთად ფიზიკური ვარჯიშების ტესტები მექნება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება და შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ როდის შემეძლება სრიალის დაწყება.

  1. ნინო, მოგვიყევი რამდენი წლიდან დადექი თხილამურებზე და შენთვის რა არის თხილამურები?

იქიდან გამომდინარე, რომ გუდაურში გავიზარდე, თხილამურებზე სამი წლიდან ვდგავარ. სანამ საქართველოს ნაკრებში მოვხვდებოდი, მხოლოდ ზამთარში ვსრიალებდი. ახლა კი წელიწადის რამდენიმე კვირის გარდა, ჩემთვის სულ ზამთარია. J ცხოვრება სრიალის გარეშე ვერ წარმომიდგენია, თხილამურები არის ბედნიერება და თავისუფლება, ფაქტიურად თხილამურები ყველაფერია.

  1. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ!

დიდი მადლობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გვერდში დგომისთვის, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს ამ სპორტის გაცოცხლებას და გაზრდას!

ესაუბრა სოფო ახმეტელი