მსოფლიო ამბები

20 Apr '17

ინტერვიუ ილკა შტუჰეცთან

26 წლის სლოვენიელ ილკა შტუჰეცს დიდებული სეზონი ჰქონდა. მან 2017 წლის სწრაფდაშვებისა და სამთო-კომბინაციის თასები მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ილკა, საოცარი სეზონ გქონდათ! მსოფლიო თასის გათამაშების პოდიუმზე 13-ჯერ ახვედით, 7 ეტაპი მოიგეთ, 1325 ქულა მოაგროვეთ, ორი კრისტალის გლობუსი მოიპოვეთ და მსოფლიო ჩემპიონიც გახდით. როგორ მიაღწიეთ ამდენ წარმატებას ერთ წელიწადში და რას გრძნობთ, როცა გასულ სეზონს იხსენებთ?

სეზონის განმავლობაში წარმატებების რაოდენობაზე არ ვფიქრობდი, დროც არ მქონდა ამისთვის. ახლა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, მართლაც საოცრებაა. ამ დღეებში სახლში თასების კუთხეში ჩემს ჯილდოებს ვალაგებდი და მივხვდი, რომ მართლაც ბევრისთვის მიმიღწევია. ცოტა ვიტირე ისევ, როგორც ზამთრის განმავლობაში ვტიროდი ხოლმე.

სანამ ასეთი წარმატებული სეზონი გექნებოდათ, მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე ხუთი წელი ასპარეზობდით და მხოლოდ 5-ჯერ მოახერხეთ საუკეთესოთა ათეულში შესვლა. რამ განაპირობა ასეთი ძლიერი წინსვლა?

ეს წარმატება ერთი ზაფხულის დამსახურება არაა და შედეგები უცებ ნამდვილად არ მოსულა. როგორც სპორტსმენი  იზრდები და ვითარდები წლების განმავლობაში. ვარჯიში და სრიალი - ეს ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა და ბოლოს გამოიღო შედეგი. მხოლოდ სწორად სრიალსა და სრიალით მიღებულ სიამოვნებაზე ვფიქრობდი.

შენი საყვარელი სახეობებია სწრაფი სახეობები, მაგრამ წელს მარიბორში სლალომსა და გიგანტურ სლალომშიც წარმატებით იასპარეზე, მე-10 და მე14  ადგილები დაიკავე. მომავალში ტექნიკურ სახეობებშიც გამოხვალ თუ ეს მხოლოდ ვარჯიში იყო სწრაფი სახეობებისთვის?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყველა სახეობაში ვივარჯიშოთ.  ვისურვებდი, რომ რომელიმე კონკეტული სახეობის სპეციალისტი ვიყო. სეზონის განმავლობაში რთულია, რომ სწორი ბალანსი იპოვო შეჯიბრებას, ვარჯიშსა და დასვენებას შორის. მსოფლიო თასის ტურის ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა ძალიან დამღლელია. მომავალ წელს შევხედავთ სიტუაციას და იმის მიხედვით მოვიქცევით.

თქვენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხართ. მომავალი წლის ოცნება და მიზანი ალბათ ოლიმპიური ჩემპიონობა და დიდი მსოფლიო თასის მოპოვება იქნება?

ეს ყველა სპორტსმენის ოცნებაა და მათ შორის ჩემიც. რაც შეეება ოლიმპიადას, ყველაფერია შესაძლებელი და ეს არა ერთხელ გვინახავს. წელს ყველა შეჯიბრებაზე ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას და ამან კარგად იმუშავა. მომავალ წელსაც იმავეს ვგეგმავ, მაგრამ მანამდე გრძელი გზაა და ბევრი შეჯიბრება.

2008 წელს თქვენ იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდით, ამის შემდეგ სხვადასხვა ტრავმები გაწუხებდათ, მოგვიყევით დიდ სპორტს როგორ დაუბრუნდით?

2008 წლის ზაფხულში ლა პარვაში (ჩილე) სწრაფდაშვების დროს ძალიან ცუდად დავეცი. მუხლის მყესები გავიწყვიტე და ასევე ორივე მენისკი. ოპერაციის შემდეგ ისევ მქონდა პრობლემები და მარჯვენა მუხლის გასაწმენდად ართროსკოპიული ქირურგიული ჩარევა კიდევ დამჭირდა. ოპერაციების შემდეგ ძლიერი ტკივილის გამო, კუნთები არ აღმიდგა. ცოტა მოგვიანებით კი ნორმალური ვარჯიში დავიწყე. ოპერაციიდან ერთი წელი იყო გასული, რომ სლალომის ვარჯიშისას ისევ დავეცი, მუხლი ვიღრძე და  მყესი ნახევრად ისევ გავიწყვიტე. ექიმებმა ისევ გამიწმინდეს მარჯვენა მუხლი და თქვეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მუხლი ისევ საშინლად მტკიოდა, გადავწყვიტე სხვა გზებისთვის მიმემართა. შვეიცარიაში, ბაზელში  წავედი, ექიმმა ფრიდერიხმა და მისმა გუნდმა მუხლი და კარიერა გადამირჩინეს. 2010 წელს ყველაფერი ისევ კარგად იყო, შეჯიბრებებზე კარგად გამოვდიოდი და სოჭის ოლიმპიადაზე სლოვენიის სახელი დავიცავი, მაგრამ ერთი თვით ადრე ცაუხენზეში დავეცი და მუხლის მყესის 1/3  ისევ გავიწყვიტე. ბაზელში ისევ მომიწია  ართროსკოპიული ოპერაციის გაკეთება. ძალიან გამიმართლა, რომ საუკეთესო ექიმები და ფიზიოთერაპისტები იყვნენ ჩემს გარშემო. საბოლოოდ შევძელი ოლიმპიადაზე წასვლა. ამჟამად მარჯვენა მუხლში ნორმალური მყესის მხოლოდ 25 % მაქვს. კუნთები იმდენად ძლიერი მაქვს, რომ მუხლს კარგად იჭერს, ასე რომ ყველაფერი კარგადაა.

თქვენ მომზადების ინდივიდუალური სტრუქტურა გაქვთ, თხილამურებს დედა გიმზადებთ, რა უპირატესობა აქვს ასეთ სანდო სტრუქტურას?

პატარა გუნდის უპირატესობაა ისაა, რომ ყოველთვის შეგვიძლია ის ვაკეთოთ, რაც იმ მომენტში მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს იქნება მეტი ვარჯიში თუ მეტი დასვენება. ჩემი გუნდი ჩემი ოჯახივითაა. ემოციურად ხანხადან რთულია, მაგრამ ასე მუშაობა  საუკეთესოა.

თქვენი სათხილამურო კარიერის პარალელურად, მარიბორის უნივრესიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე სწავლობთ. ამ ორ -სპორტულ და ინტელექტუალურ საქმეს როგორ უთავსებთ ერთმანეთს?

მართლა ძალიან რთულია სწავლა და ასპარეზობა ერთად. გამოცდების დროულად ჩაბარება სულ მინდა ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ სწავლის ძალა აღარ მრჩება. კარგია, როცა ვიცი სათხილამურო ბიზნესი, ამ საქმეში მუშაობა რეალურ ცხოვრებაში და არა მარტო წიგნებიდან ვსწავლობ ამას.

მოამზადა სოფო ახმეტელმა