მსოფლიო ამბები

19 Apr '17

მარკ ჯინიმ კარიერა დაასრულა

32 წლის შვეიცარიელმა, სლალომის სპეციალისტმა მარკ ჯინიმ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

მარკ ჯინისთვის გასული სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯინი თავის საყვარელ სახეობაში - სლალომში საუკეთესოთა ოცდაათეულში ვერ შევიდა. მან თქვა: -,,ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე იქამდე ვისრიალებდი, სანამ კიდევ ერთ ეტაპს არ მოვიგებდი. 30-ეულიდან გამოვარდნამ ეს მიზანი შეუძლებელი გახადა.“

მარკ ჯინი მსოფლიო თასის ტურში 14 წელი ასპარეზობდა. 2007 წელს რაიტერალმში მან სლალომის ეტაპი მოიგო. საუკეთესო მოთხილამურეთა ათეულში ცხრაჯერ შევიდა. მარკს ბოლო წლების განმავლობაში ტრავმები აწუხებდა, ამიტომ ხშირად მსოფლიო თასის შეჯიბრების ნაცვლად, ევროპის თასის გათამაშების ეტაპებზე გამოსვლა უწევდა.

მარკ ჯინიმ შვეიცარიის ჩემპიონატზე იასპარეზა, შვეიცარიის ჩემპიონი სლალომში მეექვსედ გახდა და ამით დაასრულა პროფესიონალური სპორტი. იგი ორი წელია ფიზიოთერაპისტის პროფესიას სწავლობს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა