ქართული ამბები

3 Apr '17

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა 2017 წლის სეზონის შემაჯამებელ პრესკონფერენცია გამართა

 

3 აპრილს, 12:00-ზე, სასტუმრო ,,რადისონში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში კომპანია IDS  ბორჯომი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე  გაუწევს პარტნიორობას.

ღონისძიებას სათხილამურო ფედერაციის და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და კომპანია ,,სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დაესწრნენ.

პრეს-კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განვლილი სეზონი შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს,  გენერალურ სპონსორის ,,სილქნეტის“, კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ოთხ ეტაპად მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში გამართა.

24-26 მარტს გუდაურში 2017 წლის საქართველოს თასის დასკვნითი - მეოთხე ეტაპი ჩატარდა. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებსა და სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს, რის გამოც  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებში რეგულერული მონაწილეობა ვერ მიიღეს.  წლევანდელი წლის საქართველოს თასის მფლობელები  გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები გახდნენ.

 

 

ინფორმაცია რედაქტორებისთვის:

  • საქართველოს მოთხილამურეთა ნაკრების წევრები ევროპიდან საქართველოში 2 აპრილს დაბრუნდნენ;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია საქართველოს სათხილამურო სპორტის განვითარების პროექტის აქტიური მხარდამჭერია;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს ყველა სამთო კურორტზე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის სათხილამურო სკოლები აშენდება;
  • საქართველოს ბავშვთა სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა  ა.წ. 31 მარტსა და 1 აპრილს იტალიაში ბავშვთა შეჯიბრებაზე - ,,პინოქიო“ მიიღეს მონაწილეობა;
  • მე-8 წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია ,,სილქნეტია“.  წელს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის სპონსორი კომპანია ,,ბორჯომიც“ გახდა;

საკონტაქტო ინფორმაცია:

577477701 სოფიო ახმეტელი - საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი.

599 770204 ნანიკო კუპრაშვილი - კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი