ქართული ამბები

2 Apr '17

ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა ბულგარეთში იასპარეზეს

28 მარტიდან 2 აპრილამდე ბულგარეთის კურორტ ბანსკოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ბულგარეთისა და მექსიკის ჩემპიონატები, ასევე სარეიტინგო შეჯიბრებები გაიმართა სამთო-სათხილამურო სპორტში, სადაც საქართველოს ვაჟთა სამთო-მოთხილამურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრებებზე 12 ქყვეყნის ასამდე სამთო-მოთხილამურე ასპარეზობდა, მათ შორის მაღალრეიტინგიანი სპორტსმენებიც.

ჩვენი სპორტსმენები სლალომსა და გიგანტურ სლალომში საუკეთესო მოთხილამურეთა ათეულში შევიდნენ.

ქართველი მოთხილამურეების საუკეთესო შედეგები ასეთი იყო: იასონ აბრამაშვილმა ბულგარეთის ჩემპიონატზე (სლალომი) მე-6 ადგილი დაიკავა, ალექსი ბენიაიძე კი მექსიკის ჩემპიონატზე - სლალომში მე-6 ადგილზე გავიდა.

სოსო ჯაფარიძემ გიგანტურ სლალომში ორჯერ მე-14, ბესარიონ ჯაფარიძემ 22-ე და ლაშა კურტანიძემ 24-ე ადგილები დაიკავეს.

ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს სეზონის წარმატებით დასრულებას!