მსოფლიო ამბები

22 Mar '17

2016-2017 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დამთავრდა

2016-2017  წლის ,,Audi FIS“  მსოფლიო თასის გათამაშების 73 ეტაპი 13 ქვეყანაში ჩატარდა. 15-19 მარტს გაიმართა ფინალური ეტაპები ამერიკის ცნობილ კურორტ ასპენში.  ცალკეულ სახეობებში და საერთო ჩათვლაში (ხუთივე სახეობა) წლის საუკეთესო სამთო-მოთხილამურეები ცნობილი კრისტალის გლობუსებით დაჯილდოვდნენ.

2016-2017 წლის დიდი მსოფლიო თასის მფლობელი გოგონათა შორის  ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა, ხოლო ვაჟთა შორის ავსტრიელი მარსელ ჰირშერი. 22 წლის მიკაელა შიფრინმა დიდი მსოფლიო თასი პირველად მოიპოვა, სლალომის მცირე თასის მფლობელი კი მეოთხედ გახდა. მარსელ ჰირშერმა, სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველმა, დიდი მსოფლიო თასი მეექვსედ მოიპოვა (6 წლის განმავლობაში ზედიზედ). მარსელი მთელი წლის განმავლობაში ძალიან კარგ ფორმაში იყო. მარსელ ჰირშერი მსოფლიო თასის გათამაშების საუკეთესო სპორტსმენი გახდა დიდი თასების რაოდენობით.

საერთო ჩათვლა:

გოგონები:

  1. მიკაელა შიფრინი (ამერიკა) 1643 ქულა.
  2. ილკა შტუჰეცი (სლოვენია) 1325 ქ.
  3. სოფია გოჯა (იტალია)  1197 ქ.

ვაჟები:

  1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) 1599 ქულა.
  2. კეტილ იანსრუდი (ნორვეგია) 924 ქ.
  3. ჰენრიკ კრისტოფერსენი (ნორვეგია) 903 ქ.

ნაკრების დიდი თასი ქალთა შორის იტალიამ პირველად მოიპოვა. იტალიის ქალთა ნაკრების წევრებმა მთელი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იასპარეზეს, განსაკუთრებით გიგანტურ სლალომში, საუკეთესოთა ათეულში 4 იტალიელი გოგონაა.  სწრაფ სახეობებშიც ბევრი იტალიელი გოგონა ავიდა პოდიუმზე. იტალიის ნაკრებმა დაამარცხა ავსტრიის ქალთა ნაკრები, რომელიც ბოლო 18 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო.

ვაჟთა შორის ავსტრიამ გაიმარჯვა, გუნდის ლიდერის მარსელ ჰირშერის შედეგებით, ასევე სწრაფ სახეობებში გამარჯვება სამმა სხვადასხვა ავსტრიელმა სპორტსმენმა შეძლო. ავსტრიის ნაკრები წელს დაუმარცხებელი იყო.

ქალთა თასი:                                       

  1. იტალია 4911 ქულა.
  2. ავსტრია 3918 ქ.
  3. შვეიცარია 3554 ქ.

ვაჟთა თასი:

  1. ავსტრია 5048 ქ.
  2. საფრანგეთი 3668 ქ.
  3. ნორვეგია 3589 ქ.

ახლა მსოფლიოს საუკეთესო სამთო-მოთხილამურეები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ და ეროვნულ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შემდეგ რამდენიმე კვირა დაისვენებენ და მაისიდან მომავალი ოლიმპიური წლისთვის მომზადებას დაიწყებენ.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.