მსოფლიო ამბები

21 Mar '17

2017 წლის გიგანტური სლალომის თასი ტესა ვორლიმ, ხოლო სლალომის თასი მარსელ ჰირშერმა მოიგო

19 მარტს ასპენში (ამერიკა) 2017 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბოლო ეტაპები - ქალთა გიგანტური სლალომი და ვაჟთა სლალომი გაიმართა.

გიგანტურ სლალომში საუკეთესო სამეული იტალიელმა ქალებმა დაიპყრეს. ჩემპიონი ფედერიკა ბრინიონე გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე სოფია გოჯა და მარტა ბასინო გავიდნენ. ასეთი შემთხვევა ბოლოს 1996 წელს იყო. გიგანტური სლალომის თასი კი ფრანგმა ტესა ვორლიმ თავის კარიერის განმავლობაში პირველად მოიპოვა.

ტესა ვორლიმ თქვა: -,,ნამდვილად რთული იყო. მთელი გულით ვისრიალე, მეორე ცდაში განსაკუთრებით. მოკლედ, ამ სეზონით  კმაყოფილი ვარ. ეს სეზონი ოცნებას ჰგავდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაგრად ვიმუშავეთ, ახლა როდესაც მსოფლიო თასი მიჭირავს ხელში, მე და ჩემი გუნდი ვამაყობთ ამით. იყო რთული მომენტები, რომელიც გადავლახე და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.“

სლალომში ჩემპიონი გახდა შვედი ანდრე მირერი, მეორე ადგილზე გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი გავიდა,  მესამე ადგილს ავსტრიელი მიხაელ მატი დასჯერდა. ავსტრიელი მარსელ ჰირშერი პირველ ცდაზე ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. მარსელს შეეძლო შეჯიბრებაზე არც კი გამოსულიყო, ისედაც მოგებული ჰქონდა. მარსელმა სლალომის თასიც მეოთხედ მოიპოვა.

ჰირშერმა განაცხადა: -,,საოცრებაა. ხშირად ვფიქრობთ,  რამდენი წელი შეიძლება ისრიალო ასე წარმატებულად...ახლა დავისვენებთ. ზაფხული კი  ვარჯიშით დატვირთული იქნება  ჩემთვის და გუნდისთვისაც, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ მომავალ წელსაც.“

შემდეგი 2017/18 წლის მსოფლიო თასის ეტაპი ზოლდენში (ავსტრია) 28 ოქტომბერს გაიმართება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.