ქართული ამბები

2 Mar '17

გოდერძის კურორტზე 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მესამე ეტაპი გაიმართა

27 თებერვალს  საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ,  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს,  გენერალურ სპონსორ ,,სილქნეტისა“ , კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით,  გოდერძის კურორტზე 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მესამე ეტაპი გამართა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია, გოდერძის კურორტზე შეჯიბრება რეზო ადამიას ხსოვნას ეძღვნება. რეზო ადამიას საქართველოს სამთო კურორტებისა და ბავშვთა სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს უფროს და იუნიორთა ნაკრების წევრებმა, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, აჭარის, ბაკურიანისა და მესტიის სპორტ-სკოლის სპორტსმენებმა.

პირველ დღეს, 26 თებერვალს ძლიერი ქარისა და ნისლის გამო შეჯიბრება გაუქმდა.

27 თებერვალს კი მზიანი დღე გათენდა. სლალომის შეჯიბრება წარმატებით ჩატარდა.

გამარჯვებულები, როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ  ჯგუფში გამოვლინდნენ:

გოგონათა შორის პირველი ადგილები: (2003-2004 წწ.) დაბადებულთა შორის  - მარი ჩოგაძემ (აჭარა), (2001-2002 წწ.) მაგატა ჯაფარიძემ  (სვანეთი) და უფორს ასაკში თამარ ბარბარიანმა  (ბაკურიანი) დაიკავეს.

ვაჟთა შორის სლალომში ჩემპიონები გახდნენ: ნოდარ ჯორბენაძე (ხულო) (2003-2004 წწ.), სანდრო ჟორჟოლიანი (სვანეთი) (2001-2001 წწ.) და უფროს ასაკში კი საქართველოს ნაკრების წევრი იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი).  სრული შედეგები იხ.www.gsf.ge

შეჯიბრების დასასრულს ფინიშის ტერიტორიაზე დაჯილდოება საზეიმო გარემოში გაიმართა. უფროს ასაკში გამარჯვებულ გოგონასა და ვაჟს ,,NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს“ ჟურნალები გადაეცათ.

საღამოს შეჯიბრების დასრულება, ღია ცის ქვეშ, კოცონის გარშემო, მუსიკის თანხლებით, სპორტსმენებმა, ორგანიზატორებმა და გულშემატკივრებმა  ერთად აღნიშნეს.

ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.