მსოფლიო ამბები

17 Feb '17

ქართველი სამთო-მოთხილამურეები სანტ-მორიცში

დღეს სანტ-მორიცში გიგანტური სლალომი გაიმართა, სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრი - ალექსი ბენიაიძე ასპარეზობდა. ალექსიმ სამწუხაროდ პირველი ცდის ტრასის დასრულება ვერ შეძლო.

ოქროს მედლის მფლობელი კი ავსტრიელი მარსელ ჰირშერი გახდა, მეორე ადგილზეც ავსტრიელი როლანდ ლაიტინგერი გავიდა, რომელიც 22-ე ნომრით ასპარეზობდა და პირველი ცდის შემდეგ მე-6 ადგილზე იყო, მან მარსელთან მხოლოდ +0.25 წმ. წააგო. ბრინჯაოს მედალი ნორვეგიელმა ლაიფ კრისტიან ჰაუგენმა მოიპოვა.

მარსელ ჰირშერმა თქვა: -,,ძალიან დაღლილი ვარ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული შეჯიბრება გვქონდა. ჩემპიონობა კარგი შეგრძნებაა. ოქროს მედალი მოვიგე და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ასევე ძალიან გახარებული ვარ როლანდის წარმატებით, მან მაგრად იმუშავა ამ წარმატებისთვის.“

ხვალ, 18 თებერვალს ქალთა სლალომი ჩატარდება, სადაც ნინო წიკლაური იასპარეზებს. ასევე ხვალვე გაიმართება ვაჟთა საკვალიფიკაციო სლალომის შეჯიბრება, სადაც იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეები გამოვლენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!

მოამზადა სოფო ახმეტელმა