მსოფლიო ამბები

14 Feb '17

ბით ფოიცი სწრაფდაშვებაში და ლუკა ერნი სამთო-კომბინაციაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

12 თებერვალს სანტ-მორიცში ვაჟთა სწრაფდაშვება გაიმართა. შვეიცარიელმა ბით ფოიცმა საუკეთესო დრო აჩვენა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, მხოლოდ +0.12 წმ. წააგო მასთან კანადელმა ერიკ გუემ, რომელმაც ამ ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა, ავსტრიელმა მაქს ფრანცი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

13 თებერვალს კი ყველასგან მოულოდნელად, სამთო-კომბინაციაში შვეიცარიელი ლუკა ერნი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ავტრიელმა მარსელ ჰირშერმა მასთან მხოლოდ +0.01 წმ. წააგო და მეორე ადგილზე გავიდა, შვეიცარიელი მაურო კავიცელი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ლუკა ერნის ძალიან გაუმართლა, რომ პირველი ცდის - სწრაფდაშვების შემდეგ 30-ე ადგილზე იყო და სლალომში შესაბამისად გასწორებულ ტრასაზე პირველი ნომრით ასპარეზობდა. მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და სლალომის ტრასა უშეცდომოდ გაიარა.

ლუკამ თქვა: -,,შეჯიბრების ბოლო 45 წთ. სანამ 29 მოთხილამურემ არ იასპარეზა, ძალიან ვინერვიულე. მე მხოლოდ ვუყურებდი და გამარჯვების იმედს არ ვკარგავდი. ვიცოდი, რომ სლალომის ტრასა კარგად გავიარე, მაგრამ კომბინაციაში არასდროს იცი საბოლოოდ რა მოხდება. დიდ ხანს ლოდინი დამჭირდა იმის გასათვიცნობიერებლად, რომ ოქროს მედალი მოვიპოვე.“