მსოფლიო ამბები

31 იან '17

კორტინა დამპეცოში ლარა გუთმა და ილკა შტუჰეცმა გაიმარჯვეს

28-29 იანვარს ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები იტალიის კურორტ კორტინა დამპეცოში გაიმართა. სწრაფდაშვებაში შვეიცარიელმა ლარა გუთმა გაიმარჯვა, მასთან მხოლოდ +0.05 წმ. წააგო იტალიელმა სოფია გოჯამ და მეორე ადგილი დაიკავა. სლოვენიელი ილკა შტუჰეცი კი მესამე ადგილზე გავიდა.

 ლარა გუთმა თქვა: -,,ზედა მონაკვეთზე სუფთად ვერ ვისრიალე, შუა მონაკვეთიდან კი ვიგრძენი, რომ რაიმე უნდა შემეცვალა და გამომივიდა კიდეც. ვიცი, რომ თუ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, სწრაფად სრიალი შემიძლია.“

სუპერგიგანტში ჩემპიონი ილკა შტუჰეცი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი  სოფია გოჯამ და ავსტრიელმა ანა ვაითმა დაიკავეს.

ილკა შტუჰეცმა განაცხადა: -,,თავს დიდებულად ვგრძნობ. ძალიან კარგი ტრასა იყო და ძალიან, ძალიან სასიამოვნო სასრიალოდ. ცოტა სტრესული იყო ფინიშზე დგომა და ყველა გოგონას სრიალის ყურება, მაგრამ ეს შეჯიბრების ნაწილია. ჩვენ ერთადერთი სწრაფი სრიალი გვევალება.“

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირაღა დარჩა. მსოფლიო თასის ჩათვლაში კი ასეთი სიტუაციაა - მიკაელა შიფრინი 1103 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ლარა გუთი 1023 ქულით და სოფია გოჯას 789 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

მოამზადა სოფო ახმეტელმა