მსოფლიო ამბები

23 იან '17

მსოფლიო თასის გათამაშების 50 წლის იუბილე კიცბუელში

20-22 იანვარს ავსტრიის ცნობილი კურორტის - კიცბუელის დროც დადგა. კიცბუელში სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები 50-ჯერ გაიმართა.

შეჯიბრებები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ამინდმა სპორტსმენებს, ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს ხელი შეუწყო. სამი დღე მზიანი ამინდი იყო. როგორც ყოველთვის, ახლაც კიცბუელის შეჯიბრებებს ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: ფორმულა ერთის წარმომადგენლები, ცნობილი ფეხბურთელები და ჩოგბურთელები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ლეგენდარული მოთხილამურეები. სპორტსმენები დაახლოებით 140კმ./ სთ.-ის სიჩქარით ეშვებოდნენ. მათ ფორმულა ერთის წარმომადგენლებიც კი აუღელვებლად ვერ უყურებდნენ.

სუპერგიგანტში ავსტრიელმა მატიას მაიერმა მეორე ადგილზე გასულ იტალიელ კრისტოფ ინერჰოფერს მხოლოდ +0.09 წმ. მოუგო და ჩემპიონი გახდა, მესამე ადგილი შვეიცარიელმა ბით ფოიცმა დაიკავა (+0.44 წმ.)

მატიას მაიერი ამ გამარჯვებას ექვსი წელი ელოდა. მან თქვა: -,,ჩემთვის საოცარი შეგრძნებაა, ეს გამარჯვება ჩემი ტრავმის შემდეგ განსაკუთრებით დაუჯერებელია. ჩემს  ვერცხლის ორ მედალს  ახლა ოქროს ძმაც გაუჩნდა.“

რაც შეეხება სწრაფდაშვებას, მე-20 ნომრამდე საუკეთესო სამეული ასე გამოიყურებოდა: 1. დომინიკ პარისი. 2. პიტერ ფილი. 3. კარლო იანკა. ფრანგმა იოჰან კლერმა, რომელიც მე-20 ნომრით ასპარეზობდა, სიტუაცია უცებ შეცვალა, პიტერ ფილს მხოლოდ 0.07 წმ. მოუგო და მეორე ადგილი აჩვენა. 24-ე ნომრით  25 წლის ფრანგი  ვალენტინ ჟირო მონი ასპარეზობდა, მან ლიდერთან იტალიელ დომინიკ პარისთან მხოლოდ +0.21 წმ. წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, იოჰან კლერიმ კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

იტალიელმა დომინიკ პარისმა კიცბუელის ცნობილი და პრესტიჟული სწრაფდაშვების შეჯიბრება მეორედ მოიგო. (2013-2017 წწ.) მან განაცხადა: -,,ჰენენკემის ტრასაზე ორჯერ გამარჯვება სასწაულია, საუკეთესო გამოცდილებაა. გამიმართლა, რადგან რამდენიმე ჩემმა კონკურენტმა ჰაუსბერგის მონაკვეთი ისე კარგად ვერ ისრიალა, როგორც მე და ეს ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი.“

შვეიცარიელი ბით ფოიცი და ავსტრიელი მაქს ფრანცი ტრავმას გადაურჩნენ, ბითი შესაძლებლობის ბოლო ზღვარზე სრიალებდა, ყველა მონაკვეთს იგებდა, 120 კმ. სთ.-ის სიჩქარით მოდიოდა, ფინიშთან მოსახვევში დაეცა და ბადეებს შეეჯახა. ამ სცენის შემხედვარე ნიკი ლაუდამაც კი თვალებზე ხელი აიფარა. საბედნიეროდ, ბითი დაცემის შემდეგ ადგა, ჩამოსრიალდა და მას მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა. მაქს ფრანცს კი სრიალის დროს თხილამურის სამაგრი გაეხსნა და ასპარეზობას გამოეთიშა.

არანაკლებ საინტერესო იყო სლალომის შეჯიბრებაც. სლალომის ლიდერი - ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი პირველ ცდაზე ასპარეზობას გამოეთიშა. პირველი ცდის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის სათხილამურო ისტორიაში პირველად, ბრიტანელი დეივ რიდინგი ლიდერობდა, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი კი მე-9 ადგილზე იყო. მეორე ცდაზე მარსელმა ჩვეული რისკით ისრიალა და ჩემპიონი გახდა, მასთან +0.76 წმ. წააგო დეივ რიდინგმა და დიდი ბრიტანეთის სათხილამურო ისტორიაში პირველად ამ ქვეყნის წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა. რუსი ალექსანდრე ხოროშილოვი მესამე ადგილზე გავიდა.

მარსელ ჰირშერმა თავის კარიერის განმავლობაში მე-20 სლალომი მოიგო. მან თქვა: -,,პირველი ცდა არ იყო ჩემი. წელს ხშირად პირველი ცდა არ გამომდის, ალბათ ქულებზე ბევრი ფიქრის ბრალია. არ ვიცი. ცდებს შორის ვფიქრობდი, რომ მეორე ცდაზე ბოლომდე უნდა გამერისკა. გუნდში ამის შესახებ დისკუსიაც გაიმართა. რისკი მთავარი იყო. ეს შეჯიბრებაა და არა ტაქტიკური თამაში.“

შემდეგი მსოფლიო თასის სლალომის ეტაპი შლადმინგში (ავსტრია) 24 იანვარს (ღამე) ჩატარდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა