მსოფლიო ამბები

12 იან '17

ფრიდა ჰანსდოტერმა ფლახაუში სლალომი მოიგო

10 იანვარს ლეგენდარული ჰერმან მაიერის სოფელ  ფლახაუში (ავსტრია) ქალთა მსოფლიო თასის ღამის სლალომი გაიმართა. ამ კურორტზე საპრიზო ფონდი, როგორც შარშან, წელსაც ყველაზე მაღალი, 175 000 ევრო იყო, რომელიც საუკეთესო ოცდაათეულ მოთხილამურეზე გადანაწილდა.

შვედმა ფრიდა ჰანსდოთერმა ორი ცდის ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა და მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელ ნინა ლოსეტს +0.58 წმ. მოუგო, მესამე ადგილი ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა და შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა გაიყვეს, მათ ზუსტად ერთნაირი დრო ჰქონდათ.

მსოფლიო თასის ლიდერი - მიკაელა შიფრინი სლალომში აქამდე დაუმარცხებელი იყო. ფლახაუს ტრასა იმდენად ადვილია, რომ დანარჩენ მოთხილამურეებს ამ ტრასის სწრაფად გავლა არ გაუჭირდათ და შიფრინის წარუმატებლობა ამან განაპირობა. მიკაელას მეორე ცდაზე კი საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ 2 ცდის ჯამში მოსაგებად მისი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფრიდა ჰანსდოთერმა თქვა: -,,სრიალისას სისწრაფე ვერ ვიგრძენი, უბრალოდ მივხვდი, რომ კარგი ცდა მქონდა. ვერტიკალურ კარში თხილამური ცოტათი გამექცა. შეცდომის დაშვებას გადავრჩი, საბოლოოდ ნასიამოვნები ვარ. ტრასა პირდაპირი იყო და სისწრაფეც შესაბამისად მაღალი. დათვალიერების დროს ვნახე და ვიცოდი, რომ ყველა კარში უნდა მემუშავა, ეს იყო ჩემი მიზანი და მემგონი ეს იყო მოგების საიდუმლო.“

სლალომის ჩათვლაში მიკაელა შიფრინი 560 ქულით  ლიდერობს, ვერონიკა ველეც ზუზულოვა 435 ქულით მეორე ადგილზეა, (იგი ამ შეჯიბრებას გამოეთიშა), ვენდი ჰოლდნერი 400 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.