მსოფლიო ამბები

12 იან '17

ადელბოდენში ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა

სანტ-მორიცის სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვეღა დარჩა. მანამდე კი მსოფლიო თასის ეტაპები მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ სამთო კურორტებზე  ყოველ შაბათ-კვირას მიმდინარეობს.

საერთო მსოფლიო ჩათვლაში ვაჟთა შორის ამჟამად ასეთი სიტუაციაა - ავსტრიელი მარსელ ჰირშერი 893 ქულით ლიდერობს, ფრანგი ალექსის პინტურო 594 ქულით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი 592 ქულით ინარჩუნებს.

გასულ შაბათ-კვირას შვეიცარიის კურორტ ადელბოდენში ტექნიკური სახეობები გაიმართა. შეჯიბრების საყურებლად 40 000  გულშემატკივარი შეიკრიბა. გიგანტური სლალომი ალექსის პინტურომ მოიგო, მასთან მხოლოდ +0.04 წმ. წააგო მარსელ ჰირშერმა (მეორე ადგილზე გავიდა), ავსტრიელმა ფილიპ შორგჰოფერმა მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო თასის ამჟამინდელ ლიდერს - მარსელ ჰირშერს მეორე დღეს, სლალომშიც არ გაუმართლა და მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ცდაზე პირველიდან მეოთხე ნომრის ჩათვლით მოთხილამურეებისთვის მშვენიერი მხედველობა იყო, მეხუთე ნომრის გამოსვლის დროისათვის კი საშეჯიბრო ტრასაზე ნისლი ჩამოწვა და მარსელ ჰირშერს, რომელიც მეექვსე ნომრით ასპარეზობდა, თითქმის სიბნელეში მოუწია სრიალი, ამიტომ ლიდერთან - ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენთან 1.50 წმ.-ზე მეტს აგებდა. მეორე ცდაზე ჰირშერმა როგორც ყოველთვის,  თავის შესაძლებლობათა ბოლო ზღვარზე ისრიალა, მაგრამ 22 წლის კრისტოფერსენს მაინც ვერ მოუგო. ჰენრიკმა მეორე ადგილზე გასულ იტალიელ მანფრედ მოლგს დიდი სხვაობით +1.83 წმ. მოუგო და ჩემპიონი გახდა. ასეთი სხვაობით 2002 წლის შემდეგ არავის მოუგია.

ჰენრიკ კრისტოფერსენმა თქვა: -,,ძალიან მაგარი იყო, პირველ ცდაზე ცოტათი გამიმართლა, მხედველობას ვგულისხმობ. სრიალს რაც შეეხება, ყველას ერთნაირ პირობებში მოგვიწია ასპარზეობა. მეორე ცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, ჩემი სრიალით მაინც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობდი, რომ კარგად შემიძლია სრიალი და გამომივიდა კიდეც. საბოლოოდ ბედნიერი ვარ.“

ახლა სლალომის ჩათვლაში ჰირშერსა და კრისტოფერსენს თანაბარი ქულები (360 ქულა) აქვთ.

ვაჟთა მსოფლიო თასის შემდეგი  ეტაპები 13-15 იანვარს ვენგენში გაიმართება.

სოფო ახმეტელი.