მსოფლიო ამბები

9 იან '17

მარიბორში ტესა ვორლიმ და მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვეს

7-8 იანვარს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების ტექნიკური სახეობები გაიმართა.

პირველ დღეს გიგანტური სლალომი ფრანგმა ტესა ვორლიმ მოიგო, იტალიელმა სოფია გოჯამ მეორე ადგილი დაიკავა, მან მოგებულთან  +016 წმ. წააგო, მესამე ადგილზე შვეიცარიელი ლარა გუთი გავიდა (+0.16 წმ). მიკაელა შიფრინმა მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა პირველ ცდაზე საუკეთესო დრო ჰქონდა.

გამარჯვებულმა  ტესა ვორლიმ თქვა: -,,დაძაბული შეჯიბრება იყო,  მაგრამ საოცარი შეგრძნებაა. სპორტის ერთადერთი სახეობაა სათხილამურო სპორტი, რომელშიც შეიძლება ასეთი საოცარი რამ იგრძნო. ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. დიდებული ბრძოლა იყო. სასიხარულოა, როცა ამდენ გოგონას მოგება უნდა,  ყველა მათგანი ძლიერად სრიალებს და მეც ჩემი მაქსიმუმის გაკეთება შევძელი.“

მეორე დღეს სლალომში  ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა პირველობა არავის დაუთმო და მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ ვენდი ჰოლდნერს +0.19 წმ. მოუგო, მესამე ადგილი კი ფრიდა ჰანსდოთერმა დაიკავა (+0.31 წმ.).

მიკაელა შიფრინმა განაცხადა: -,,ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ყველა სახეობაში პირველი ვყოფილიყავი. ოცნება ორ სახეობაში ამისრულდა.“

შემდეგი შეჯიბრება (ღამის სლალომი) 10 იანვარს ფლახაუში (ავსტრია) გაიმართება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.