მსოფლიო ამბები

19 დეკ '16

ვალ დიზერში სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა

16-18 დეკემბერს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებას საფრანგეთის ცნობილმა კურორტმა - ვალ დიზერმა უმასპინძლა.

ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებაში ახალი სახელი გამოჩნდა - სლოვენიელი ილკა შტუჰეცი, რომელმაც წელს 2 ეტაპი მოიგო, ვალ დიზერშიც თავის ტიტულებს 2 გამარჯვება მიუმატა. სამთო კომბინაციაში მან თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი მიშელ გისინი გავიდა, მესამე ადგილს კი იტალიელი სოფია გოჯა დასჯერდა, რომელიც წელს ასევე ძალიან კარგ ფორმაშია და უკვე 6-ჯერ ავიდა პოდიუმზე.

სწრაფდაშვებაშიც ილკა შტუჰეცმა გამარჯვება არავის დაუთმო, ლინდსი ვონის არყოფნით ისევ ისარგებლა და ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო, მეორე ადგილზე გასულ კორნელია ჰუტერს +0.28 წმ. მოუგო, მესამე ადგილი სოფია გოჯამ დაიკავა, მან კორნელიასთან მხოლოდ +0.04 წმ. წააგო.

შვეიცარიელი ფავორიტი ლარა გუთი ასპარეზობას ორივე დღეს გამოეთიშა. მან სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა, რომ სრიალი არ დამვიწყებია და მალე გაგახარებთო. მართლაც, სუპერგიგანტი გუთმა მოიგო, ლიხტენშტეინელი ტინა ვაირატერი მეორე ადგილზე გავიდა, მან მოგებულთან +0.13 წმ. წააგო და მესამე ადგილი იტალიელმა ელენა კურტონიმ დაიკავა. (+1.21).

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში ამჟამად ამერიკელი მიკაელა შიფრინი 498 ქულით ლიდერობს, რომელმაც ვალ დიზერის ეტაპები გამოტოვა და ვარჯიში ამჯობინა, მასთან მხოლოდ 5 ქულას აგებს ლარა გუთი და მეორე ადგილზეა, 481 ქულით მესამე პოზიციაზე ილკა შტუჰეცია ჯერჯერობით.

20 დეკემბერს კურშეველში (საფრანგეთი) გიგანტური სლალომი გაიმართება.

სოფო ახმეტელი.