მსოფლიო ამბები

13 დეკ '16

სისტრიერში ტესა ვორლიმ და მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვეს

10-11 დეკემბერს იტალიის კურორტ სისტრიერის ცნობილ ტრასაზე ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გიგანტური სლალომისა და სლალომის ეტაპები გაიმართა.

გიგანტური სლალომის შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ლიდერებს შორის დიდი კონკურენცია გაიმართა. პირველი ცდის შემდეგ ამერიკელი მიკაელა შიფრინი ლიდერობდა, მხოლოდ 0.01 წმ.-ს უგებდა ლიხტენშტეინელ ტინა ვაირატერს, მესამე ადგილზე შვეიცარიელი ლარა გუთი და ფრანგი ტესა ვორლი იყვნენ, რომლებიც ლიდერთან +0.05 წმ.-ს აგებდნენ, მეხუთე ადგილზე იტალიელი სოფია გოჯა იყო. საბოლოოდ კი ჩემპიონი გახდა ტესა ვორლი, სოფია გოჯა მეორე ადგილზე გავიდა და ლარა გუთი მესამე ადგილს დასჯერდა. ვაირატერმა და შიფრინმა მე-4 და მე-6 ადგილები დაიკავეს.

ტესა ვორლიმ თქვა: -,,მაგარია, როდესაც ისე ისრიალებ როგორც ვარჯიშზე, რა თქმა უნდა, შეჯიბრების დროს  ფეხებს უფრო მაგრად აჭერ. დღეს დიდი ბრძოლა იყო და მე მხოლოდ აგრესიულ სრიალზე  ვფიქრობდი. რთული შეჯიბრება იყო, მოვიგე და გახარებული ვარ.“

სლალომში კი მიკაელა შიფრინმა, როგორც ყოველთვის, პირველობა არავის დაუთმო და თავის კარიერაში 23-ე გამარჯვება, ზედიზედ კი მე-6 ეტაპის მოგება იზეიმა. მეორე ადგილზე სლოვაკი ვერონიკა ველეც ზუზულოვა გავიდა (+1.09) და მესამე ადგილი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა დაიკავა (+1.21 წმ.).

მიკაელა შიფრინმა განაცხადა: -,,პირველი ცდა არ მომეწონა, ვერ ვისრიალე კარგად. მეორე ცდის წინ რამდენჯერმე თავისუფლად დავეშვი,  ჩემს თავში დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი. მეორე ცდაზე კი ყველა კარებში სისწრაფის მომატებას ვცდილობდი და ამან მიშველა.“

შემდეგი ქალთა მსოფლიო თასის ეტაპები 16-18 დეკემბერს ვალ დიზერში ჩატარდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.