მსოფლიო ამბები

5 დეკ '16

ლეიქ ლუისში ილკა შტუჰეცმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

კანადაში - ლეიქ ლუისში 2-4 დეკემბერს ქალთა სამთო-სათხილამრო მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები გაიმართა.

პირველ ორ დღეს სწრაფდაშვებები გაიმართა. პირველ დღეს შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  პოდიუმზე ფავორიტების ნაცვლად  ახალი სახეები გამოჩნდა. 26 წლის სლოვენიელმა ილკა შტუჰეცმა თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, იგი 29-ე ნომრით ასპარეზობდა, მეორე ადგილზე იტალიელი სოფია გოჯა გავიდა, მესამე ადგილი კი შვედმა კაისა კლინგმა დაიკავა.

გამარჯვებულმა ილკა შტუჰეცმა თქვა: -,,ვფიქრობდი, რომ საუკეთესოთა ათეულში ან თხუთმეტეულში მოვხვდებოდი. ვგრძნობდი, რომ სწრაფი სრიალი შემეძლო, უბრალოდ სწრაფად შეჯიბრებაზე უნდა მესრიალა და ეს გამომივიდა.“

მეორე დღეს ამინდი გაფუჭდა, ახალი თოვლის გამო ორგანიზატორებმა სტარტი ქვევით დაწიეს და შესაბამისად ტრასის სიგრძე დამოკლდა. ილკა შტუჰეცს ამ გარემოებამ ხელი არ შეუშალა და ზედიზედ მეორე შეჯიბრება მოიგო, 2016 წლის დიდი მსოფლიო თასის  მფლობელმა - შვეიცარიელმა ლარა გუთმა მასთან მხოლოდ +0.11 წმ. წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე უნგრელი ედიტ მიკლოსი გავიდა, მან გამარჯვებულთან +0.43 წმ. წააგო.

სუპერგიგანტი კი ლარა გუთმა მოიგო, მეორე ადგილზე ლიხტენშტეინელი ტინა ვაირატერი გავიდა, მან +0.10 წმ. წააგო გამარჯვებულთან, მესამე ადგილზე კი სოფია გოჯა გავიდა. (+0.59 წმ.)

ლარა გუთმა თქვა: -,,ზედა მონაკვეთზე ვერ ვისრიალე კარგად, შუა მონაკვეთიდან კი ვეცადე სწორი ხაზით, აგრესიულად მესრიალა და გამომივიდა კიდეც. რაც შეეხება სწრაფდაშვებას, იქ უფრო დიდი ბრძოლაა საჭირო. სწრაფად სრიალი არ გამომდიოდა ხოლმე. ამ დღეებში კი, როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. სეზონის დასაწყისში  ვიბრძვი და დიდი ენერგია მეხარჯება ხოლმე.“

შემდეგი ეტაპები სისტრიერში 10-11 დეკემბერს გაიმართება.       

მოამზადა სოფო ახმეტელმა.