მსოფლიო ამბები

5 დეკ '16

ვალ დიზერში კეტილ იანსრუდმა და მეტიუ ფევრმა გაიმარჯვეს

 2-4 დეკემბერს ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშებას საფრანგეთის ცნობილმა კურორტმა ვალ დიზერმა უმაპსპინძლა.

მსოფლიოს საუკეთესო სამთო-მოთხილამურეები სუპერგიგნტში, სწრაფდაშვებასა და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს ამინდში ძალიან გაუმართლათ. შეჯიბრების სამივე დღეს კარგი ამინდი იყო, ტრასაც მშვენივრად მომზადებული და შესაბამისად საშეჯიბროდ კარგი პირობები შეიქმნა.

პირველ დღეს სუპერგიგანტი გაიმართა. ნორვეგიელმა კეტილ იანსრუდმა გაიმარჯვა, მისმა გუნდელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა მასთან მხოლოდ +0.17 წმ. წააგო და მეორე ადგილზე გავიდა. 10 თვის წინ კიცბუელში აკსელმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და თხილამურებს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა. ტრავმის შემდეგ ასეთი კარგი გამოსვლა  გმირობის ტოლფასია. მესამე ადგილს კი იტალიელი დომინიკ პარისი დასჯერდა (+0.41 წმ.).

სწრაფდაშვებაშიც კეტილ იანსრუდმა პირველობა არავის დაუთმო და +0.26 წმ.-ით მოუგო მეორე ადგილზე გასულ იტალიელ პიტერ ფილს, აკსელ ლუნდ სვინდალი პოდიუმზე ამჯერადაც ავიდა და გამარჯვებულს მხოლოდ +0.33 წმ.ით ჩამორჩა.

აკსელ ლუნდ სვინდალმა თქვა: -,,ჩემი გამოსვლით გახარებული ვარ. სწრაფდაშვებაში ზედა მონაკვეთზე უფრო კარგად ვისრიალე, ვიდრე ქვედა მონაკვეთზე. თოვლზე მომზადება რამდენიმე კვირის წინ დავიწყე. შედეგით კმაყოფილი ვარ.“

გიგანტურ სლალომში კი ფრანგები დომინირებდნენ. მეტიუ ფევრიმ თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მან მეორე ადგილზე გასულ, 5 დიდი მსოფლიო თასის მფლობელს - ავსტრიელ მარსელ ჰირშერს  +0.49 წმ. მოუგო, მესამე ადგილზეც ფრანგი ალექსის პინტურო გავიდა, მე-4 და მე-5 ადგილები ასევე ფრანგებმა: ტომას ფანარამ და ვიქტორ მუფა იანდემ დაიკავეს.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები ვალ გარდენაში 16-17 დეკემბერს გაიმართება.

მოამზადა სოფო ამეტელმა.