მსოფლიო ამბები

15 ნოე '16

ფინეთში მსოფლიო თასის სლალომის ეტაპები ჩატარდა

ფინეთის კურორტ ლევიში 12-13 ნოემბერს სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ქალთა და ვაჟთა სლალომის ეტაპები გაიმართა.

პირველ დღეს ქალთა შეჯიბრების დროს  შესანიშნავი ამინდი იყო. ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა ზედიზედ მეცხრე სლალომი მოიგო, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი გავიდა, მან მოგებულთან 0.67 წმ. წააგო, მესამე ადგილი კი სლოვაკმა პეტრა ვლხოვამ დაიკავა (+0.75 წმ.).

მიკაელა შიფრინმა თქვა: -,,სეზონის პირველ შეჯიბრებაზე ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე, დანარჩენი გოგონებიც ნელა არ სრიალებენ. ჩემი მწვრთნელები მომეხმარნენ, მითხრეს, რომ საუკეთესოდ უნდა მესრიალა და ამან მიშველა.“

მეორე დღეს ვაჟებს ამინდში არ გაუმართლა.  ნისლი სპორტსმენებს მხედველობაში ხელს უშლიდა. ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა კი თავის კარიერაში მე-40 ეტაპის მოგება მაინც მოახერხა. მეორე ადგილზეც მისი გუნდელი, ოლიმპიური ჩემიონის - მარიო მატის ძმა - მიხეილ მატი გავიდა, მან 1.30 წმ. წააგო ჰირშერთან, მესამე ადგილს კი იტალიელი მანფრედ მოლგი დასჯერდა (+1.31 წმ.)

მარსელ ჰირშერმა განაცხადა: -,,მადლობელი ვარ, რომ აქ სრიალი შევძელი. წინა დღეებში ავად ვიყავი და ბოლოს ასპარეზობა მაინც გადავწყვიტე. საოცარია რაც შევძელი და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი გუნდელები ჩემთან ახლოს აღმოჩნდნენ.“

მსოფლიო თასის შემდეგი ეტაპები - ქალთა ტექნიკური სახეობები და ვაჟთა სწრაფი სახეობები  ორი კვირის შემდეგ  კილინგტონსა და ლეიქ ლუისში გაიმართება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.