მსოფლიო ამბები

28 ოქტ '16

2016-2017 წლის მსოფლიო თასის ტური გაიხსნა

ტრადიციულად, ავსტრიის ცნობილ კურორტ - ზოლდენში 22-23 ოქტომბერს გაიხსნა მსოფლიო თასის ტური სამთო-სათხილამურო სპორტში.

პირველ დღეს გიგანტურ სლალომში მსოფლიოს საუკეთესო  სამთო-მოთხილამურე ქალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. შვეიცარიელი, შარშანდელი დიდი თასის მფლობელი ლარა გუთი დაუმარცხებელი აღმოჩნდა, მეორე ადგილზე ამერიკელი მიკაელა შიფრინი დავიდა, ხოლო მესამე ადგილს 20 წლის იტალიელი მარტა ბასინო დასჯერდა.

ლარა გუთმა თქვა: -,,ზოლდენის შეჯიბრება განსაკუთრებულია. აქ პირველად ჩამოვედი, როგორც დიდი მსოფლიო თასის მფლობელი. შეჯიბრებამდე ცოტას ვღელავდი, მაგრამ სულ მარსელ ჰირშერის სიტყვები მახსენდებოდა -,,მხოლოდ ისრიალე!“ ჩემი გუნდიც იმავეს მეუბნებოდა. მეც შევეცადე სრიალზე გამეკეთებინა აქცენტი. ვფიქრობდი - კარგი დილა გათენდა, მიყვარს ეს ტრასა - და ეს იყო გასაღები. ვეცადე კარგად მესრიალა. შეჯიბრებამდე ზოგჯერ ფიქრები გტანჯავს, მაგრამ მხოლოდ სრიალზე უნდა იფიქრო. საბოლოოდ გახარებული ვარ. პირველი ცდა უშეცდომოდ ვისრიალე, მეორეზე კი მოგებისთვის ბრძოლა დამჭირდა.“

ვაჟთა შორის გიგანტური სლალომის შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ალექსი ბენიაიძე მონაწილეობდა, იგი, სამწუხაროდ, საუკეთესო სპორტსმენთა ოცდაათეულში ვერ მოხვდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კარგად ისრიალა. შეჯიბრება ფრანგმა ალექსის პინტურომ მოიგო, მეორე ადგილზე ავსტრიელი მარსელ ჰირშერი გავიდა, მან გამარჯვებულთან 0.70 წმ. წააგო, მესამე ადგილი კი გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა დაიკავა. (+1.37 წმ.)

პინტურომ თქვა: -,,სეზონის დასაწყისში არასდროს იცი, თუ როგორ ფორმაში იმყოფები. ზოლდენის შემდეგ კი უკვე ყველაფერი ცნობილია. სამთო-სათხილამურო სპორტში ის არის კარგი, რომ სტრატეგია არაა საჭირო, მთავარია მაგრად ისრიალო, განსაკუთრებით - მეორე ცდაზე.“

შემდეგი მსოფლიო თასის სლალომის ეტაპი ფინეთის კურორტ ლევიში 13  ნოემბერს ჩატარდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.