მსოფლიო ამბები

21 ოქტ '16

ინტერვიუ მსოფლიო თასის ტურის დირექტორთან - მარკუს ვალდნერთან

მსოფლიო თასის ტურის დირექტორი - მარკუს ვალდნერი ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობს:

მომავალი სეზონი ზოლდენში მალე გაიხსნება. ახალი სეზონის, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი, რატომ ტარდება ხოლმე ყოველთვის ზოლდენში?

ავსტრიის ცნობილი კურორტი - ზოლდენი შესანიშნავი ადგილია მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ჩასატარებლად. ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მდებარეობს და ამინდიც კარგია ხოლმე. ადრე ვცადეთ სხვა მყინავრებზეც - ტინში და სას-ვეში ჩატარება, მაგრამ ცუდი ამინდის გამო შეჯიბრება გაუქმდა. რა თქმა უნდა ზოლდენში, რეტენბახის მყინვარიც გლობალური დათბობის გამო პრობლემატური გახდა, მაგრამ ახალი თაობის გათოვლიანების სისტემის წყალობით ზოლდენს მსოფლიო თასის ტურის მასპინძლობა თავისუფლად შეუძლია. ზოლდენი ცენტრალური  და ადვილად მისასვლელი ადგილიცაა.

რამდენად დიდია ინტერესი სამთო-სათხილამურო სპორტისადმი ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში?

რა თქმა უნდა ამ ხუთ ქვეყანაში მსოფლიო სამთო-სათხილამურო სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩენილი სპორტსმენები სწორედ ამ ქვეყნებიდან არიან. ამ ყვეყნებში ინტერესიც დიდია და ამიტომაც შეჯიბრებების უმრავლესობა აქ ტარდება.

სამთო-სათხილამურო შეჯიბრებები გლობალური გახდა. ასევე შეჯიბრებები ტარდება: სლოვენიაში, გერმანიაში, სკანდინავურ ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში. მსოფლიო თასის ეტაპები ასევე ჩატარდა: სოჭში, კორეასა და იაპონიაშიც. სამწუხაროდ ამ სამ ქვეყანაში ეტაპებს ყოველწლიურად ვერ ვატარებთ, რადგან ერთი შეჯიბრისთვის ამხელა გზის გავლა რთულია. ასეთ შორ ქვეყნებში მსოფლიო თასის ეტაპების ჩატარება ოლიმპიურ კომიტეტზეა დამოკიდებული. სამ წელიწადში ერთხელ, ოლიმპიური ტრასების შემოწმების მიზნით შეჯიბრების ჩატარება ოლიმპიურ ტრასაზე გვევალება. 2022 წელს ოლიმპიადა ჩინეთში ტარდება, წინა წელს კი ეტაპები იქაც ჩატარდება.

სათხილამურო ინდუსტრია ძალიანაა დაინტერესებული, რომ ეს სპორტი აღმოსავლეთშიც პოპულარული გახადოს. ჩვენს სპორტს მათი სახით 300 მილიონი ახალი ფანი შეემატა.

მსოფლიო თასის ტურის ცენტრალური ადგილი ევროპაა, მაგრამ მარკეტინგისა და ტურიზმის განვითარებისთვის მსოფლიო თასის ეტაპების ჩატარება სხვა ქყვეყნებშიც აუცილებელია.

სათხილამურო სპორტს სხვა სახეობებიც შეემატა, სამთო-სათხილამურო სპორტი ისევ ისეთი მიმზიდველი და პოპულარულია?

ბევრი დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, თუ რამდენი სახეობა უნდა არსებობდეს. ამა თუ იმ სახეობის პოპულარობა, დამოკიდებულია სატელევიზო მაყურებელზე. ფართო მაყურებლებისთვის ჩვენ გვჭირდება ადვილად გასაგები პროდუქცია. სამთო-სათხილამურო სპორტის მაყურებლების საშუალო ასაკი  45 წელია. ჩვენს კალენდარში რაღაცეები შესაცვლელია და ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ. მსოფლიო თასის ტურის განვითარება ყოველთვის მიმდინარეობს.

კონკრეტულად რას გულისხმობთ განვითარებაში?

ჩვენ როდესაც სახეობას ვანვითარებთ, პირველ რიგში სპორტულ ასპექტებს განვიხილავთ.  წესების შეცვლა სპორტსმენებისთვის უნდა იყოს ხელსაყრელი და რა თქმა უნდა მათ ინტერესებზე ორიენტირებული, ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ უკვე მაყურებლის ინტერესს. ამჟამად ახალ ფორმატზე შევთანხმდით. რამდენიმე ახალი ფორმატს კონტინენტურ თასის ტურში გამოვცდით და შეიძლება ასევე მსოფლიო თასის ტურშიც გამოვცადოთ მალე. რა თქმა უნდა ძველი, ორიგინალური წესები  მაგ.-ად  ვენგენსა და კიცბუელში უცვლელი დარჩება, მაგრამ შეიძლება სხვა შეჯიბრებებზე ახალი ფორმატი განიხილოს. გარდა ამისა, ახალი მოქმედი პარამეტრების პროექტი სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე  იქნება წარდგენილი. სწრაფი სახეობების სპორტსმენებს ექნებათ დამაგრებული ტრანსპონდერი, რომელიც მაყურებელს სპორტსმენის გულის ცემის სიხშირესა და სატურაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის. ეს ტექნოლოგია სხვა სპორტებშუ უკვე გამოიყენება. ახლა კი სამთო-სათხილამურო სპორტშიც დაინერგება. ეს კი მაყურებლის ინტერესს გაზრდის. ეს დიდებული წინ გადადგმული ნაბიჯია.

ბევრს მუშაობთ შეჯიბრებების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით. რა სიახლეა ამასთან დაკავშირებით?

პუბლიკას შოუ ჭირდება, ეფექტური ტრასები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით სულ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს სპორტი მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდეს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი სპორტსმენთა უსაფრთხოებაა. ყველანაირი ცვლილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა იყოს. სისწრაფის მომატება არ იქნება კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ ვმუშაობთ ტრასების ადგილებზე, უფრო მეტ სახტომებს ვაკეთებთ, ოღონდ ისე, რომ სპორტსმენმა სწორი ხაზით ისრიალოს. ეს სიახლე მაყურებლებისთვის უფრო საინტერესო იქნება და რაც მთავარია არაა საშიში, მაგრამ რა თქმა უნდა მთავარია უსაფრთხოებასა და შოუს შორის ლიმიტის დაცვა. სპორტს ორივე  სჭირდება, ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ.

არის თუ არა შეჯიბრებები, სადაც ბალანსი დარღვეულია, მაგალითად 2016 წლის ჰენენკემის სწრაფდაშვების დროს უსაფრთხოება დარღვეული იყო?

არა. სამთო-სათხილამურო სპორტი არაა საშიში, მაგრამ ეს სპორტი გარისკვას მოითხოვს, განსაკუთრებით სწრაფდაშვების სახეობა. ჩვენ 100 % - ით უსაფრთხო ტრასები არასდროს გვაქვს, დაცემები ყოველთვის იქნება, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი დამცავი ღობე იქნება ამა თუ იმ ტრასაზე. სპორტსმენზეა დამოკიდებული გარისკოს თუ არა, თვითონ უნდა განსაზღვროს მზადაა თუ არა მაღალი სიჩქარის განვითარებისთვის. შარშან კიცბუელში სიტუაცია კონტროლირებადი იყო, ტრასა საშეჯიბროდ მზად იყო, მაგრამ განათების ცვლილების შეგუება მოუწიათ სპორტსმენებს. მონაწილეებმა: - მაგალითად გისინი, რომელიც 27-ე ნომრით ასპარეზობდა და მეხუთე ადგილზე გავიდა, ასევე კრიხმაიერს 30-ე სასტარტო ნომერი ჰქონდა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ შეჯიბრების დამთავრებამდე ტრასაზე თოვლის მდგომარეობა კარგი იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვინდა სპორტსმენების დაცემები და ტრავმები. ჩვენი მიზანია სპორტსმენი იყოს ჯანმრთელი და ფინიშის ხაზი ყველამ გადაკვეთოს, მაგრამ თუ სპორტსმენმა გარისკა გამარჯვებისთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება დაეცეს კიდეც.

მომავალ სეზონზე, კიცბუელის ტრასის იმ მონაკვეთზე, სადაც სპორტსმენები დაეცნენ, დიდ ყურადღებას გავამახვილებთ.  დამატებით განათებას დავამონტაჟებთ, თოვლს  მკვეთრი საღებავებით მოვნიშნავთ და ტრასაზე ნაკლებ ხალხს შევუშვებთ, რომ თოვლის საფარი არ დაზიანდეს, მაგრამ სამთო-სათხილამურო სპორტის შეჯიბრებების ჩატარება ღია ცის ქვეშ რადგან მიმდინარეობს, ჩვენ რაც არ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცემების რისკი ყოველთვის მაინც იქნება.

წელს ახალი წესი იქნება სასტარტო ნომრებთან  დაკავშირებით, რამდენად საინტერესო იქნება?

საინტერესო ნამდვილად იქნება. სწრაფ სახეობებში, საუკეთესო 10 სპორტსმენი სასტარტო კენტ ნომრებს აირჩევს 1-დან 19 ნომრამდე, როცა ადრე ისინი მე-16 ნომრიდან 22-მდე ასპარეზობდნენ. ვფიქრობ მაყურებლებისთვის ასე უფრო საინტერესო იქნება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა