მსოფლიო ამბები

10 Jun '16

ინტერვიუ ტინა ვაირატერთან

ცნობილ სამთო-მოთხილამურეს, ლიხტენშტეინელ ტინა ვაირატერს სამ სახეობაში 26 მსოფლიო თასის ეტაპი აქვს მოგებული. როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას, რა მიზნები აქვს მომავალში - ამ და სხვა კითხვებზე ტინა ვაირატერმა თავად გვიპასუხა.

         პირველ რიგში წარმატებულ სეზონს გილოცავთ! თქვენ პერსონალური რეკორდი დაამყარეთ 1016 მსოფლიო თასის ქულა დააგროვეთ და მსოფლიო თასის ტურში მე-4 ადგილი დაიკავეთ.  ეს სეზონი წააგავდა 2014/15 წლის სეზონს. შარშანდელი სეზონის შემდეგ რა შეიცვალა? თქვენი შედეგებით კმაყოფილი ხართ?

          წელს ჩემი წარმატებებით ძალიან გახარებული ვარ, განსაკუთრებით სუპერგიგანტში დაკავებული მეორე ადგილით და ასევე გიგანტური სლალომის გაუმჯობესებით. სწრაფდაშვებით კი ცოტათი იმედგაცრუებული, რადგან, მეგონა ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის მიღწევას ვერ შევძლებდი. მყავს ახალი მწვრთნელი და ვიცოდი, რომ ცვლილებებს მომზადებაში გარკვეული დრო დაჭირდებოდა. ჩვენ სამ სახეობაში ვივარჯიშეთ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად წარიმართა.

        წელს ყველაზე დიდ  წარმატებად რომელ შედეგს თვლით? გამარჯვებებით ამაყობთ?

        ორივე გამარჯვება საოცრება იყო. ნამდვილად ვამაყობ, რადგან კარიერაში ყველაზე წარუმატებელი ასპარეზობის მომდევნო დღეს, ლა ტულში გავიმარჯვე. სანტ მორიცში დიდ რისკზე წავედი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესოდ ვისრიალე. ასევე ჩემი ოცნება იყო ზოლდენის პოდიუმზე ასვლა, ეს შევძელი. სეზონის დასაწყისიც ამაღელვებელი იყო.

        სამწუხაროდ, თქვენს ბიოგრაფიაში მხოლოდ წარმატებები არაა, თქვენ მრავალი ტრავმა გაწუხებდათ (2006/07 მუხლის ორივე იოგის გაწყვეტა, 2007/08 მარჯვენა მუხლის ტრავმა, 2010-შიც მარჯვენა მუხლი და 2014 წლის თებერვალში წვივის ტრავმა) ეს ყველა ტრავმა მიიღეთ, როდესაც ყველაზე კარგ ფორმაში იმყოფებოდით. ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდით?

        ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, პოზიტივი და ბრძოლის უნარი შევინარჩუნო. ამის გარდა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე მდგომარეობის გაანალიზებას და საკუთარი თავის კონტროლს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც თამაშის ნაწილია, ბრძოლაა. თუ შენ ნეგატიურად ხარ განწყობილი, ეს მხოლოს ზიანს მოგაყენებს. წარმატება წვალების გარეშე არ მოდის.

        თქვენი მშობლები მრავალგზის ჩემპიონები იყვნენ - ჰანი ვენცელი და ჰარტი ვაირატერი. ორივეს ერთად მოპოვებული აქვთ: 2 ოლიმპიური ოქროს მედალი, 5-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა, 8 მსოლფიო თასი და 39 მსოლფიო თასის ეტაპის გამარჯვება. წარმატებულმა მშობლებმა ამბიციურ პერსონად ხომ არ გაქციათ? ეს ყველაფერი მეტ მოტივაციას გმატებთ და უპირატესობაა, თუ დიდი წნეხია მხოლოდ?

        მე ამ ყველაფერთან ერთად გავიზარდე. ეს ჩემთვის არც წნეხია და არც უპირატესობა. ზოგჯერ ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი მშობლების გამო ვარ კარგი მოთხილამურე, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მუშაობა მაინც მჭირდება.

        2011 წლის შემდეგ თქვენ შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობთ. ლარა გუთთან, საბიან სუტერთან, ვენდი ჰოლდნერთან ერთად. თქვენ მიერ მოპოვებული მსოფლიო თასის ქულები რომ მათს ქულებს დავამატოთ, ალბათ შვეიცარია გუნდურ თასს მოიგებდა. ეს გარემოება გეხმარებათ ალბათ  წარმატების მიღწევაში?

        კარგი იქნებოდა, რომ მართლა ასე იყოს, ჩემს ქულებს მათს ქულებს მივუმატებდი დიდი სიამოვნებით. შვეიცარიის ნაკრები დიდებულია, არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ მწვრთნელები და სხვა გუნდის წევრებიც. მე მათთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში ყოფნა ყოველთვის პოზიტიურია. ჩვენ ერთმანეთის თანადგომით ვაღწევთ წარმატებას.

        ახლა ზაფხულის პერიოდია. სახლში ყოფნა გსიამოვნებთ თუ გენატრებათ თოვლზე ვარჯიში და მოგზაურობა?

        ძალიან მიყვარს მსოფლიო თასის ტურში ყოფნა და მოგზაურობა, მაგრამ წელს პირველი შემთხვევაა, რომ სახლში ყოფნაც ძალიან მესიამოვნა. რა თქმა უნდა, მენატრება სრიალიც, მაგრამ არა ისე, როგორც წინა წლებში - თხილამურების გარდა, რომ არაფერი მინდოდა. J სახლში ვვარჯიშობ ამჟამად.

        მომავალ წელს რა არის თქვენი მიზანი? სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე აკეთებთ ფოკუსირებას თუ დიდი მსოფლიო თასის მოპოვებაზე?

        ჩემი მთავარი მიზანი სანტ მორიცის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ასევე მსოფლიო თასის ტურიც. კარგად მინდა მოვემზადო. ჩემი ნება და შესაძლებლობა რომ იყოს, ერთ დღეში მოვიგებდი მსოფლიო ჩემპიონატის მედალსა და მსოფლიო თასსაც. როგორც წესი, მხოლოდ მომდევნო დღეზე და კვირაზე ვფიქრობ ხოლმე. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წარმატებისაკენ.

მოამზადა სოფიო ახმეტელმა.