მსოფლიო ამბები

17 დეკ '15

ვალ დიზერში მარსელ ჰირშერმა და ჰენრიკ კრისტოფერსენმა გაიმარჯვეს

გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის ცნობილ კურორტზე - ვალ დიზერში ვაჟთა მსოფლიო თასის ტექნიკური სახეობები გაიმართა. გიგანტურ სლალომში ავსტრიელი მარსელ ჰირშერი დაუმარცხებელი აღმოჩნდა, მან დიდი სხვაობით, 1.29 წმ.-ით მოუგო მეორე ადგილზე გასულ გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს, მესამე ადგილი კი ფრანგმა ვიქტორ მუფა-იანდემ დაიკავა.

მრავალი ცნობილი მოთხილამურე გამოეთიშა ასპარეზობას, მათ შორის იყვნენ: ფრანგი ტომას ფანარა და ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი. ამერიკელმა ტედ ლიგეტიმ პირველ ცდაში შეცდომა დაუშვა და ოცდაათეულში ვერ მოხვდა.

მარსელ ჰირშერი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია.  დიდი მსოფლიო თასის შარშანდელმა მფლობელმა წელს სამივე გიგანტური სლალომის პოდიუმზე ასვლა მოახერხა. მარსელმა ვალ დიზერში ხუთჯერ გაიმარჯვა (4-ჯერ გიგანტური სლალომი და ერთხელ სლალომი), რითაც მან ამ კურორტზე გამარჯვებებით რეკორდი დაამყარა.

მარსელმა თქვა: -,,აქაური გიგანტური სლალომი ერთ-ერთი რთული ტრასაა. ძნელია ტრასის ყოველ კარებში  ერთი ხაზით სრიალი შეინარჩუნო. ჩემი პირველი გამარჯვებები მსოფლიო თასის ტურში: - გიგანტურ სლალომსა და სლალომში სწორედ აქ, - ვალ დიზერში ვიზეიმე, ასე რომ,  ძალიან მიყვარს აქაურობა.“

სლალომში ჩემპიონი 21 წლის ჰენრიკ კრისტოფერსენი გახდა, რომელმაც პირველი ცდის შემდეგ ლიდერობა შეინარჩუნა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გასულ    მარსელ ჰირშერს 1.09 წმ. მოუგო, 31 წლის გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა ჰენრიკთან 1.46 წმ.  წააგო და მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო თასის ჩათვლაში ამჯერად მარსელ ჰირშერი 440 ქულით ლიდერობს, აკსელ ლუნდ სვინდალს 317 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო 225 ქულით მესამე ადგილზე - ფელიქს ნოიროიტერია.

18-19 დეკემბერს სწრაფი სახეობები: სუპერგიგანტი და სწრაფდაშვება ვალ გარდენას (იტალია) ცნობილ და რთულ ტრასაზე გაიმართება.

მოამზადა სოფიო ამეტელმა.