მსოფლიო ამბები

22 დეკ '15

ლარა გუთი - ვალ დიზერის დედოფალი

18-19 დეკემბერს ქალთა მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები საფრანგეთის ცნობილ კურორტზე - ვალ დიზერში გაიმართა.

პირველ დღეს სუპერკომბინაცია ჩატარდა. 24 წლის შვეიცარიელმა ლარა გუთმა, მეორე ადგილის მფლობელ ტიტულოვან ამერიკელ მოთხილამურეს,   ლინდსი ვონს მხოლოდ 0.01 წმ. მოუგო და ჩემპიონი გახდა, მესამე ადგილზე ავსტრიელი მიხაელა კირგასერი გავიდა (+0.91 წმ.).

სწრაფდაშვებაში ლინდსი ვონმა შეცდომა დაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო ლარა გუთმა ისევ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ფაბიენ სუტერი გავიდა და მესამე ადგილი კანადელმა ლარისა იურკივმა დაიკავა.

ლარა გუთმა თავის კარიერის განმავლობაში მსოფლიო თასის ტურში მე-15 გამარჯვება იზეიმა. მან თქვა: -,,ვალ დიზერში ეს ჩემი მესამე გამარჯვებაა. აქ შეჯიბრება ჩემთვის, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავითაა. ვალ დიზერში ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს. აქ ჩემი წარმატება ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. ყოველდღიურად უნდა ვიმუშაო, რომ ასეთი ფორმა შევინარჩუნო, წინ გრძელი სეზონი გვაქვს.“

ვალ დიზერის შემდეგ მოთხილამურე ქალები  ასევე საფრანგეთის ცნობილ კურორტზე - კურშეველში გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გიგანტური სლალომი ავსტრიელმა - ევა-მარია ბრემმა მოიგო, ნორვეგიელი ნინა ლოსეტი მესამე ადგილზე გავიდა, შვეიცარიელმა ლარა გუთმა მესამე ადგილი დაიკავა.

საერთო ჩათვლაში ამჟამად ლარა გუთი - 558 ქულით ლიდერობს, ლინდსი ვონს - 500 ქულა აქვს და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, შვედი ფრიდა ჰანსდოთერი მესამე ადგილს იკავებს - 344 ქულით.

28-29 დეკემბერს ქალთა შემდეგი ეტაპები: გიგანტური სლალომი და სლალომი ავსტრიაში - ლიენცში ჩატარდება.

მოამზადა სოფიო ახმეტელმა.