ქართული ამბები

25 იან '16

2016 წლის მსოფლიო თოვლის დღე

17 იანვარს თოვლის საერთაშორისო დღე 42-მა ქვეყანამ  მსოფლიოს სხვადასხვა (600-მა) სამთო კურორტმა აღნიშნა, ამ ღონისძიებაში 620 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნა და სასიხარულოა,  რომ ყოველ წელს საქართველოს ორი სამთო კურორტი: გუდაური და ბაკურიანი ამ დღის აღნიშვნაში მსოფლიოს  ცნობილ სამთო კურორტებს უერთდება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ 2016 წლის საქართველოს თასის მეორე ეტაპი,  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტისა“  და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით  ბაკურიანში ,,დიდველის“ ტრასაზე სწორედ მსოფლიო თოვლის დღეს დაამთხვია.  ქართველმა პროფესიონალმა სპორტსმენებმა შეჯიბრებაზე ,,მსოფლიო თოვლის დღის“ სასტარტო ნომრებით იასპარეზეს. შეჯიბრების შემდეგ მოთხილამურეებმა გულშემატკივრებთან ერთად ,,მსოფლიო თოვლის დღე“ ბაკურიანის ახალ ტრასაზე ,,კოხტა გორაზე“ აღნიშნეს. ბავშვებს საჩუქრად  ,,მსოფლიო თოვლის დღის“ ლოგოთი დამშვენებული მაისურები დაურიგდათ. დღესასწაულის ბოლოს სპორტსმენებმა თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

წელს თოვლის დღე მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე აღნიშნეს. ეს დღე კანადაში, ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ეკვატორზე, სამხრეთ აფრიკაში და პერუშიც კი იზეიმეს. სამთო კურორტებზე საბაგირო გზის ბილეთები ბავშვებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო იყო, ასევე მრავალ კურორტზე უფასო გაკვეთილებიც გაიმართა. სპორტსმენებიც შეუერთდნენ ამ დღესასწაულს სხვადასხვა აქტივობებით.

ყოველწლიურად თოვლის დღე უფრო პოპულარული ხდება. ამ ღონისძიებაში მონაწილეთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს  სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებას. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებული თოვლის დღე, ასევე ხელს უწყობს მომავალი მოთხილამურეთა თაობის აღზრდას.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა - ჯან ფრანკო კასპერმა განაცხადა: -,,წელს მსოფლიოს 600-მა სამთო კურორტმა აღნიშნა თოვლის დღე და ეს ძალიან კარგი ნიშანია. ახალგაზრდა თაობა ზამთრის სპორტით ინტერესდება და ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა.“

თოვლის დღე ტრადიციულად იანვრის მესამე კვირაში აღინიშნება. წინა წლებთან შედარებით, თოვლის დღე წელს უფრო მეტად გაშუქდა. ინფორმაცია მსოფლიო თოვლის დღესთან დაკავშირებით,  მსოფლიოში 100 მილიონმა ადამიანმა მოისმინა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია მადლობას უხდის თავის სპონსორებს: აუდის, ევროსპორტის არხს, ევროპის შეერთებულ რადიომაუწყებლობას,  სპორტულ მედიას, მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიის ფედერაციას, ევროპის ბრენდების ინდუსტრიის ფედერაციას და სხვა სამთო პარტნიორებს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია კი დიდ მადლობას  უხდის   თავის გენერალურ სპონსორ ,,სილქნეტს“, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას მხარდაჭერისთვის და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის საქართველოში. 

მოამზადა სოფიო ახმეტელმა.