მსოფლიო ამბები

16 დეკ '15

20 წლის პეტრა ვლჰოვას წარმატება

12-13 დეკემბერს ქალთა მსოფლიო თასის ტურს შვედეთის ცნობილმა კურორტმა - ორემ უმასპინძლა. პირველ დღეს გიგანტური სლალომი გაიმართა, რომელიც ამერიკელმა ლინდსი ვონმა მოიგო, მეორე ადგილზე ავსტრიელი ევა-მარია ბრემი გავიდა და ლინდსისთან მხოლოდ 0.07 წმ. წააგო, მესამე ადგილი იტალიელმა - ფედერიკა ბრინიონემ დაიკავა (+0.35 წმ.). ლინსდი ვონმა ბოლოს გიგანტური სლალომი 2013 წლის იანვარში მოიგო.

ლინდსიმ თქვა: -,,თხილამურებზე თავს კარგად ვგრძნობ, ლეიქ ლუისის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი. ლეიქ ლუისის შეჯიბრებამდე ვამბობდი, რომ თუ იქ ძლიერად ვისრიალებ, მომავალ შეჯიბრებებზეც ასე გაგრძელდება-მეთქი. გიგანტურ სლალომში ბევრი არ მივარჯიშია, მხოლოდ რამდენიმე დღე. დღეს აგრესიულად ვისრიალე და უშეცდომოდ სრიალიც გამომივიდა. ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ თუ თხილამურებზე ბალანსს იცავ, თავდაჯერებული ხარ, სუფთად და მთელი მონდომებით სრიალებ - აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. ეს რიტმი უნდა შევინარჩუნო მთელი წლის განმავლობაში.“

ახალგაზრდა, ცნობილი მიკაელა შიფრინი შეჯიბერების დაწყებამდე, ვარჯიშის დროს წაიქცა და, სამწუხაროდ, მარჯვენა მუხლი დაიზიანა. მიკაელა სამშობლოში გაემგზავრა, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს და ამის შემდეგ გაირკვევა, წელსვე დაუბრუნდება თუ არა თხილამურებს.

გიგანტური სლალომის ასპარეზობის დროს  ასევე მუხლი დაიზიანა შვედეთის ნაკრების ლიდერმა - სარა ჰექტორმა. სამწუხაროდ, სარას მუხლი სერიოზულად დაუზიანდა და მას ოპერაციას რამდენიმე დღეში გაუკეთებენ, თხილამურებს კი სავარაუდოდ, 6 თვეში დაუბრუნდება.

სლალომი 20 წლის სლოვაკმა - სარა ვლჰოვამ მოიგო, რომელიც მე-19 სასტარტო ნომრით ასპარეზობდა, მან საკმაოდ დიდი სხვაობით +0.59 წმ.-ით მოუგო გამოცდილ სლალომისტს - შვედ ფრიდა ჰანსდოთერს, ხოლო მესამე ადგილზე ნორვეგიელი ნინა ლოსეტი გავიდა, მან პეტრასთან 0.65 წმ. წააგო.

იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა - პეტრამ თავის კარიერაში პირველი მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვება იზეიმა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ის პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა, მეორე ცდაზეც გაუძლო ნერვიულობას და ჩემპიონი გახდა. მან განაცხადა: -,,საოცარი დღეა ჩემთვის, პირველი პოდიუმი და თან გამარჯვება, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ძალიან გახარებული ვარ.“

ფრიდა ჰანსდოთერი თავის კარგ ფორმას ინარჩუნდებს, მან ასპენში მეორე და მესამე ადგილი დაიკავა. ფრიდამ თქვა: -,,პეტრამ საკმაოდ სწრაფად ისრიალა. სტარტზე როცა ვდგავარ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგება მინდა, მაგრამ მაინც გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთი პოდიუმი მოვიპოვე. სამი სლალომი ჩატარდა და სამივეზე საუკეთესოთა სამეულში მოვხვდი, ძალიან გახარებული ვარ.“

ნორვეგიელი   ნინა ლოსეტი თავის კარიერაში მსოფლიო თასის პოდიუმზე მეორედ ავიდა. ნინამ განაცხადა: -,,ძალიან გახარებული ვარ, პირველი შემთხვევაა, რომ ორივე ცდაზე კარგად ვისრიალე, თავს პეპელასავით ვგრძნობ. ცოტა ვინერვიულე, მაგრამ ვიცოდი, რომ სწრაფად უნდა მესრიალა, უშეცდომო ცდა არ იყო, მაგრამ ჩემთვის მშვენიერი დასაწყისია.“

ქალთა მსოფლიო თასის შემდეგი ეტაპები 18-19 დეკემბერს ვალ დიზერში გაიმართება.

მოამზადა სოფიო ახმეტელმა.